სპორტი
ბორის პაიჭაძე - ფეხბურთის კარუზო
ბორის პაიჭაძე - ფეხბურთის კარუზო

‘’წარსულის მოგონება ხვალინდელი დღის დასანახავადაა საჭირო. უნდა შეგვეძლოს, გავიხედოთ ხვალის მიღმა, ამისათვის კი საჭიროა, წარსული გვახსოვდეს...’’

ანდრო ჟორდანია

თბილისის "დინამოს" პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბორის სოლომონის ძე პაიჭაძე დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში და არა, როგორც ამბობენ, ფოთში (ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ოთარ გაგუა ავრცელებს). მომავალი ფეხბურთელი ქალაქ ფოთში 5 წლის ასაკში 6 და-ძმასთან ერთად გადასახლდა.

16 წლის ბორისი ჯერ ფოთის საზღვაო ტექნიკუმის, მოგვიანებით კი ქალაქის ნაკრებში თამაშობდა. მისი თბილისური კარიერა 1936 წლიდან დაიწყო. საყვარელ გუნდს სათავეში 1940 წლიდან ჩაუდგა. “დინამოს” შემადგენლობაში ყოფნისას (1936-1951 წლებში) 181 მატჩიდან 98 გოლი გაიტანა. თასზე კი 40 მატჩიდან 25 , ხოლო 7 საერთაშორისო შეხვედრიდან 5 გოლი. მრავალჯერ ყოფილა საბჭოთა კავშირის მეორე და მესამე პრიზიორი, უთამაშია თასის გათამაშების ფინალში. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება, ცოტა ადრე კი სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიიღო. მის ტიტულატურაშია აგრეთვე ვახტანგ გრიგოლის 1-ლი ხარისხის ორდენი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ‘’დინამოს’’. იყო ამავე სტადიონის დირექტორი. 1991 წლიდან აღნიშნული სტადიონი სწორედ ამ ბუმბერაზი სპორტსმენის სახელს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენ და არც ჩვენი წინა თაობის წარმომადგენლებს ბორის პაიჭაძის თამაში თვალით არ გვინახავს, ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ მისი სახით გამორჩეული და უნიჭიერესი ფეხბურთელი გვყავდა. მის გენიალობას და უნივერსალობას აღიარებენ ქართველი და არამარტო ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრები. 1945 წელს რუმინულმა პრესამ საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის დასრულების შემდეგ მას ‘’ფეხბურთის კარუზო’’ უწოდა. სამწუხაროა, რომ თბილისის ‘’დინამოს’’ პირველი თაობის ოსტატ ფეხბურთელთა თამაშის ვიდეოფირები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ბორის პაიჭაძეზე მხოლოდ ერთადერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმია შემონახული, რომელიც ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო. ეს ფილმი მცირეოდენ წარმოდგენას გვაძლევს ჩვენს საფეხბურთო წარსულზე, გვაჩვენებს, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო მინდორზე გასული საუკუნის 30-40-იან წლებში. ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, გრიგოლ გაგუა, მიხეილ ბერძენიშვილი, მიხეილ ჯოჯუა, ავთანდილ ღოღობერიძე, გაიოზ ჯეჯელავა... მათი სახელები ლამის საუკუნის შემდეგაც ისევე ახსოვთ, როგორც მაშინ, როცა ირანელებსა თუ ყირგიზელებს, რუსებსა თუ რუმინელებს, ბასკებსა (ესპანელებს) თუ ბოლოს და ბოლოს, ქართველებს აკვირვებდნენ...

‘’ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე’’, - ასე ახასიათებდა ბორის პაიჭაძეს ქართული ფეხბურთის პატრიარქად შერაცხული ანდრო ჟორდანია. სახელოვანი რუსი ჟურნალისტის მ.მერჟანოვის თქმით კი, ‘’პაიჭაძე ბუნების ისეთივე იშვიათობა გახლდათ, როგორც თვითნაბადი ოქრო’’.

‘’ვდუმვართ და ვხედავთ

გარდასულ ბრძოლებს,

გავარდნილი ხარ და

მიაპობ მორევს,

აგიწყვეტია ხუნდი...

ჯადოქარი ხარ, ბორის, ზღაპრული,

თითქოს თასმით გაქვს

ფეხზე დაბმული...

წინ მაგიძღვება ბურთი."

ეს კი მურმან ლებანიძის სიტყვებია...

1936 წლის სეზონი ბორისისთვის საკავშირო ჩემპიონატში დიდი წარმატებით აღინიშნა. იგი ‘’სპარტაკთან’’ მოულოდნელი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ (6:3) საუკეთესოთა რიცხვში დაასახელეს. მოსკოველმა ჟურნალისტებმა თბილისელებს "დიდი ურუგვაელები’’, ხოლო პაიჭაძეს “ბრწყინვალე ფორვარდი’’ უწოდეს. ბორისი გაიოზ ჯეჯელავასთან ერთად შესანიშნავ დუეტს ჰქმნიდა თავდასხმის ხაზში. მათი წყვილი დღესაც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.

1937 წლის 21 ივლისს თბილისის რკინიგზის სადგურში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი, მათ შორის თბილისის ‘’დინამოს’’ ფეხბურთელთა გუნდის წევრები, მოუთმენლად ელოდნენ გმირების (გაზეთი ‘’კომუნისტი’’ ასე მოიხსენიებდა ბასკ ფეღბურთელებს – ბ.გ.) გამოჩენას. ერთი მხრივ, ქართველთა ასეთი მოლოდინი გასაგები იყო. მათთვის ეს პირველი ევროპული გუნდი იყო, რომელიც სტუმრობდა ქვეყნის უპირველეს ქალაქს. სანამ ესპანელები საქართველოში ჩამოვიდოდნენ, ერთთვიანი ამხანაგური მატჩების ციკლი გამართეს მთელ საბჭოთა კავშირში და თითქმის ყველა შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება.

ჩამოსვლისთანავე სტუმრებს თბილისი დაუთვალიერებიათ, ასულან ფუნიკულიორზე, საიდანაც, რასაკვირველია, გადაუხედავთ ძველი თბილისისთვის და ნოსტალგიანარევი სევდით უთქვამთ: “შეხედეთ, როგორ ჰგავს ჩვენს მშობლიურ ბილბაოს!” ბატონი ბორისი ჰყვებოდა, რომ დათვალიერებისას ვიღაცას “გურისაჭოდ” სულიკოს სიმღერა წამოუწყია. დადარდიანებულ სტუმრებს ბანი უმალვე მიუციათ. ისე ძლიერად უმღერიათ, თითქოს მშობლიური ქვეყნის ჰიმნი ყოფილიყო. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ არის მოსაზრება, რომ ისინი მოსკოვში, კიევსა და ლენინგრადშიც ღიღინებდნენ სულიკოს მელოდიასო. მე თუ მკითხავთ, არცაა გასაკვირი, ჯერ ერთი იმის გამო, როგორც ჩვენ,ისე მათ ბედკრულ სამშობლოსაც იმხანად ძალიან უჭირდა, და მეორე, იქნებ მართლა სისხლმა იყივლა! ვინ იცის. . .

რაც შეეხება შეხვედრას, “დინამოსა” და ევროპული გუნდის პირველი ურთიერთშეჯახება 1937 წლის 25 ივლისს გაიმართა. კლასით ჩვენზე მაღალი დონის გუნდმა ორჯერ (მეორე მატჩი 30 ივლისს შედგა, ამჯერად საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა ესპანელებს) დაგვამარცხა, მაგრამ ეს იყო საფეხბურთო გაკვეთილი, რომელმაც არამარტო ამ თაობის ფეხბურთელებისთვის, არამედ მომავალი გუნდის აღმშენებლობის საქმეში საკვანძო ფუნქცია შეასრულა. საქმე ისაა,რომ მათ პირველებმა ითამაშეს “დუბლევის” სქემით, რითაც იმდროინდელ ფეხბურთში რევოლუცია მოახდინეს. ცნობისათვის: პირველ შეხვედრაში 0:2 დავმარცხდით,ხოლო მეორეში 1:3. ერთადერთი ბურთი მეტოქის კარში 22 წლის ბორის პაიჭაძემ გაიტანა.

“მოხეტიალე ფორვარდად” წოდებულმა ფოთელმა რაინდმა კარიერის მანძილზე 8 ჩემპიონატში 9 “ჰეთ-თრიკი” მიითვალა. რომ სამამულო ომის პერიოდში რამდენიმე წელი გაუცდა. იძულებითმა შესვენებამ, გამუდმებულმა ტრავმებმა შეაწუხეს ფეხბურთელი, რაც იმით დასრულდა, რომ 1950 წელს 35 წლის ასაკში ტყავის ბურთის ჯადოქარი მწვანე მოლს გამოემშვიდობა. კარიერის დასრულების შემდეგ მას სხვადასხვა საპასუხისგებლო თანამდებობა ეკავა. 1995 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ლეგენდარული ფეხბურთელის ბიუსტი გაიხსნა,ხოლო საუკუნის მიწურულს ჩატარებული გამოკითხვით, როგორც ფეხბურთის პოპულარიზატორმა ჩვენს ქვეყანაში საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.

ბორის პაიჭაძე 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.