საზოგადოება
‘ჩემს გულზე წარუშლელად წერია მოვალეობანი“
‘ჩემს გულზე წარუშლელად წერია მოვალეობანი“

25 დეკემბერი - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპილიტის ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა.

“1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ახალი პატრიარქი ავიდა. ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა”….

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღსაყდრების დღეს:

“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა, ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა ღმერთმა დამისახა”.

უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. საქართველოს ასეთი ახალგაზრდა კათოლიკოს-პატრიარქი არ ჰყოლია.

ბიოგრაფია
უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ერში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წელს ძაუგში, ახლანდელ ვლადიკავკაზში, ქრისტიანულ ოჯახში.

შიოლაშვილები უძველესი ქართული გვარის – ღუდუშაურების განშტოებას წარმოადგენენ და როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ამ გვარის წარმოშობა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის მშობლების – გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ახლადშექმნილი ოჯახი სნოში იწყებს ცხოვრებას. იმ პერიოდისთვის მეტად გაუჭირდათ, რის გამოც იძულებულები გახდნენ 1927 წელს ქ. ძაუგში (ვლადიკავკაზში) გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ძაუგის, ანუ ქ. ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მოინათლა, მას მეფე ერეკლე II – ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. ნათლობის საიდუმლო არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკმა) შეასრულა. ირაკლის, შემდგომში კი ილიას ნათლია მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) იყო, რომელიც ბედიის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, ბოლო ხანებში კი – მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის.

მონაზონ ზოილეს თავისი ნათლული ირაკლი ხშირად დაჰყავდა სამთავროს მონასტერში და ბავშვს, მშობლებთნ ერთად, ისიც შთააგონებდა ღვთისადმი რწმენასა და სიყვარულს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III –ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის -ილიას სახელი უწოდა.

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ალექსის მიერ – წმიდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.

1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1967 წლის 1 სექტემბერს იგი დაინიშნა ცხუმ -აფხაზეთის ეპისკოპოსად, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ. -ში).

1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი დაადგინეს გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად, 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

მოღვაწეობა

26 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 26 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმთავრესი მიზანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.

საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია", რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერენციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი", ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე", რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

წყარო:orthodoxy.ge