კულტურა
„კადნიერი“ ქართველი ახალგაზრდა, რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან
„კადნიერი“ ქართველი  ახალგაზრდა,  რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან

ბავშვობიდან ისტორიამ გაიტაცა... 16 წლის ასაკში წერს საფრანგეთის იმპერატორის ბიოგრაფიას. ნაპოლეონის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბენ ვეიდერს „პატარა წერილით“ უკავშირდება, ხოლო შემდეგ, როგორც თავად ამბობს, „კადნიერი ახალგაზრდა“ ვეიდერის წიგნზე რეცენზიას ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაშიც აქვეყნებს... პასუხები და შეთავაზებები მოულოდნელია. ემშვიდობება სამშობლოს... ამ დღის შემდეგ კი 14 წელი გადის...

ქართველი ისტორიკოსი ალექსანდრე მიქაბერიძე უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს ამერიკაში. მან ნაპოლეონის ცხოვრებაზე და ნაპოლეონის ომებზე მნიშვნელოვანი წიგნები გამოსცა, რომლებსაც ამერიკის უნივერსიტეტებში ნაპოლეონის ეპოქის კურსების სწავლებისას იყენებენ. ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსი ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. ის პირველი ინგლისურენოვანი ქართული ისტორიული ლექსიკონის ავტორია, რომელიც აშშ-ში გამოიცა. საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრი და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი, - ეს ალექსანდრეს წარმატებების არასრული ჩამონათვალია.

-ბენ ვეიდერთან გაგზავნილმა ერთმა პატარა წერილმა თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. გჯეროდათ, რომ რევოლუციური ეპოქის განსაკუთრებული ინტერესი ოდესმე ასეთივე განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანდათ?

- სრულიად მოულოდნელად, საქართველოდან 14 წლის წინ გავემგზავრე. ბავშვობიდან საქართველოს ისტორიით ვიყავი გატაცებული, შემდეგ რევოლუციურმა ეპოქამ დამაინტერესა, კარგად მახსოვს ის დღე - 11-12 წლის ვიქნებოდი, თამარ მეფის გამზირზე მივსეირნობდი და წიგნების მაღაზიაში შევიარე (იმ დროს მარჯვენა მხარეს იყო ერთი პატარა, მაგრამ ძალიან კარგი წიგნების მაღაზია) სადაც აღმოვაჩინე ცნობილი საბჭოთა ისტორიკოსის, ა.მანფრედის წიგნი ნაპოლეონზე. კარგად დაწერილი წიგნია და დიდი როლი ითამაშა ნაპოლეონის ეპოქაში ჩემი ინტერესესის გაღვივებაში. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ნაპოლეონზე მოვიძიე თითქმის ყველა რუსული და ქართულენოვანი ლიტერატურა და მალე სახლში საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკაც შევქმენი.

16 წლის ასაკში გადავწყვიტე ნაპოლეონის ბიოგრაფიის დაწერა და 300 გვერდამდე დავწერე კიდეც. (ახლა რომ გადავხედავ ხოლმე, მეცინება) ისტორიით გატაცების მიუხედავად, არასოდეს მეგონა, რომ სერიოზულად გავყვებოდი ისტორიულ მეცნიერებას. უნივერსიტეტში ჩაბარებაზე რომ დადგა საქმე, საერთაშორისო სამართალი ავირჩიე, ჩავაბარე თსუ-ში და ადამიანთა უფლებების საკითხებზე ვმუშაობდი. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას ჩემი პირველი წიგნი გამოვეცი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე და სწორედ ამ განხრით მინდოდა მუშაობის გაგრძელება.

მაგრამ შემდეგ მეტად მოულოდნელი ამბავი შემემთხვა. ინტერნეტით დავუკავშირდი ნაპოლეონის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს, ბენ ვეიდერს, რომელსაც ახლადგამოცემული ჰქონდა წიგნი წმ. ელენეს კუნძულზე ნაპოლეონის გადასახლებასა და გარდაცვალებაზე. წერილით გავეცანი მას და ვუთხარი , რომ ვწერდი ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნიდან, - რომ მაინტერესებდა ნაპოლეონი და მისი წიგნის შეძენა მსურდა. ჩემდა მოულოდნელად, თვითონ გამომეპასუხა და წიგნების ერთი ყუთი გამომიგზავნა, მათ შორის თავისი ნამუშევარიც. უზომოდ გახარებული ვიყავი, დაუყონებლივ ჩავუჯექი წიგნებს და ცოტა ხანში ვეიდერის წიგნზე რეცენზია დავწერე (ახალგაზრდა და კადნიერი ვიყავი, თორემ 20 წლის ასაკში რის მცოდნე ვიქნებოდი) და ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში გავაგზავნე. ჩემდა მოულოდნელად, მოეწონათ და გამოაქვეყნეს. ვეიდერმა წაიკითხა ეს სტატია და მისგან მივიღე წერილი, რომელშიც ჩემს ზოგიერთ შენიშვნას პასუხობდა. ერთმანეთში მიმოწერა გავაჩაღეთ. ალბათ, მოვეწონე, ვინაიდან მალე დამპატიჟა ნაპოლეონის მიერ სირია-პალესტინაში ლაშქრობის 200 წლის აღსანიშნავად ისრაელში მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ პერიოდში (1997-1998) რა ეკონომიკური ვითარება იყო საქართველოში, ისრაელში წასვლაზე კი არა, ყოველდღიურ გასაჭირზე ფიქრში ვიყავით. საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელფასებს რამდენიმე თვის დაგვიანებით გვაძლევდნენ ხოლმე და რასაც გვაძლევდნენ ისიც კაპიკები იყო. მოკლედ, მივწერე ვეიდერს, რომ ვერ შევძლებდი ჩასვლას. მან გამომკითხა, რაში იყო პრობლემა და შემდეგ შემომთავაზა მგზავრობის ყველა ხარჯი დაეფარა, რათა ჩავსულიყავი ისრაელში. ასეთ შემოთავაზებაზე არავინ იტყოდა უარს. ასე მოხვდი 1999 წლის ზაფხულს ისრაელში, სადაც თელ-ავივის უნივერსიტეტში მოკლე მოხსენებით გამოვედი და ბევრი საერთაშორისო მკვლევარი გავიცანი, მათ შორის ამერიკელი ისტორიკოსები ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც, როგორც აღმოვაჩინე, არსებობს ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტი. ამ ხალხს იმდენად მოვეწონე, რომ შემომთავაზეს ჩავსულიყავი აშშ-ში და კვლევითი სამუშაო დამეწყო ინსტიტუტში. მგზავრობის, სწავლების და მუშაობის ყველა ხარჯს ინსტიტუტი ფარავდა. ასეთ შესაძლებობას ხელიდან ვინ გაუშვებს და 2000 წლის 15 აგვისტოს (ნაპოლეონის დაბადების დღეზე) სამშობლოს გამოვემშვიდობე და უცხო მიწა-წყლისკენ ავიღე გეზი. მას შემდეგ აგერ აქ ვმოღვაწეობ და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიე.

-წლის საუკეთესო წიგნისთვინაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ლიტერატურული პრიზი დაიმსახურეთ. არადა ნაპოლეონის შესახებ ნახევარ მილიონზე მეტი წიგნია დაწერილი. რამ განსაზღვრა თქვენი აღიარება, რა თქვით ახალი? და კიდევ, მართლა ღირს თუ არა თქვენი წიგნები 300 დოლარამდე?

-არ ვიცი, რომელ წიგნებზე მეკითხებით, მაგრამ გამომცემლობებთან ურთიერთობაში არ მახსოვს რომელიმეს ასეთი მაღალი ფასი დაედოს, თუმცა ჩემი ორი ენციკლოპედია, ისლამური სამყაროს სამხედრო ისტორიაზე და სამხედრო დანაშაულებების ისტორიაზე, 200 დოლარამდე ღირს.

ჩემი სპეციალობა რევოლუციური ეპოქაა და ნაპოლეონზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნის პრემია ორჯერ მოვიპოვე, ერთი ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის ოფიცერთა კორპუსზე დაწერილი წიგნისათვის, ხოლო მეორეჯერ ბოროდინოსთან ბრძოლაზე დაწერილ წიგნისთვის.

თქვენ მართალი ბრძანდებით, რომ ნაპოლეონზე ასობით ათასი წიგნია დაწერილი, ის ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ ისტორიულ პიროვნებას წარმოადგენს. ამდენად საჭიროა ახლებური მიდგომა. მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ნაპოლეონის ომებზე არსებული წიგნების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ფრანგულ და ინგლისურ წყაროებს ეყრდნობა და ამდენად, მოვლენებს, თუ პიროვნებებს ცალსახად წარმოაჩენს. წარმოიდგინეთ შაჰ- აბასის საქართველოში შემოსევა რომ მხოლოდ ირანულ წყაროებზე იყო აღწერილი, ბუნებრივია, ბევრი რამ დაფარული იქნება. იგივე ვითარებაა ნაპოლეონის ომებშიც და დიდი ხანია არსებობდა ნაპოლეონის კამპანიების შესწავლისას ახალი წყაროების გამოყენების საჭიროება. სწორედ ამას ვემსახურები მე. მაგალითად ახლახან დავასრულე სამტომეული რუსეთში ნაპოლეონის ლაშქრობაზე. ბუნებრივია, ამ საკითხზე ასობით ნამუშევარი არსებობს, მაგრამ თითქმის ყველა ფრანგული თვალთახედვითაა დაწერილი. მე კი რუსული, პოლონური, თუ გერმანული მხრიდან ვაფასებ და ბევრ სიახლეს წარმოვაჩენ. მაგალითად, დასავლეთში დიდი ხანი მიაჩნდათ, რომ ბერეზინას ბრძოლა, სადაც ნაპოლეონმა მოახერხა რუსების ალყის გარღვევა და რუსეთის თავის დაღწევა, ნაპოლეონის ბრწყინვალე გეგმის შედეგი იყო. 2007 წელს დავინტერესდი ამ საკითხით და სამი წელი ვიკვლევდი რუსული, პოლონური, ჰოლანდიური და გერმანული საარქივო და პირველადი (მემუარები, წერილები, ა.შ) წყაროების საფუძველზე და 2010 წელს გამოვეცი წიგნი, რომელშიც დეტალურად ავხსენი, რომ ბერეზინას ბრძოლა ნაპოლეონის ჩანაფიქრი არ იყო, არამედ რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის რუსული ჯარის მხედართმთავრების უსუსურობის შედეგი იყო.

სწორედ ასეთი მიდგომა განასხვავებს ჩემს წიგნებს ჩემი წინამობედებისაგან.

-თქვენ ამბობთ, რომ ისტორიამ ბავშვობიდან გაგიტაცათ. თქვენი წიგნების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი - ნაპოლეონი კი ამბობს, რომ „ისტორია ზღაპარია’... საფრანგეთის მმართველს ასევე თავისებური შეხედულებები აქვს რევოლუციაზეც... იზიარებთ მის მოსაზრებებს?

-ნაპოლეონს აქვს გამონათქვამი, რომ „ისტორია არის იმ სიცრუეთა ერთიანობა, რომელზედაც ხალხი შეთანხმდა.“ გარკვეულწილად, ნაპოლეონი მართალია, ვინაიდან საზოგადოებაში ბევრი ისტორიული მითი, თუ ტყული არსებობს. ეს ეროვნულ ისტორიასაც შეეხება. მაგრამ პროფესიონალი ისტორიკოსების მოღვაწეობა - არქივებში მუშაობა, მასალების საფუძვლიანი შესწავლა, შეფასება, კრიტიკული მიდგომა, ა.შ. - დიდი როლს უნდა ასრულებდეს „ისტორიული ზღაპრების“ გაბათილების საქმეში.

- ქართულ ენაზე თუ აპირებთ ნაპოლეონზე წიგნის გამოცემას?

-დიახ, ვაპირებ და პირველი ნაბიჯი გადავდგი კიდეც. 2012 წელს, ჩემს მეგობართან, ახალგაზრდა ისტორიკოსთან, ნიკა ხოფერიასთან ერთად, გამოვეცი ნაპოლეონის პირადი მცველის, მამლუქი რუსტამის მემუარები. ასევე ნიკასთან თანამშრომლობით, ვასრულებ მუშაობას ახალ წიგნზე, რომელიც ნაპოლეონის მარშლებს შეეხება. გეგმაში მაქვს ქართულ ენაზე ნაპოლეონზე ვრცელი წიგნი დავწერო, მაგრამ ეს სამომავლო საქმეა, ვინაიდან ამ მომენტში რამდენიმე ინგლისურენოვან ხელნაწერზე ვმუშაობ.

- შეგიძლიათ, რომ ჩვენს მკითხველს ხელმიუწვდომელი, თუნდაც პატარა, მაგრამ საინტერესო ისტორია უამბოთ ნაპოლეონის ცხოვრებიდან?

- ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი, მაგრამ მისი პირადი ცხოვრება - ნაკლებად. მკითხველმა შეიძლება არ იცოდეს მისი ხასიათის ზოგიერთი თვისება. ნაპოლეონი მცივანა იყო და უყვარდა ძალიან ცხელ წყალში ბანაობა და ხშირად ორ საათზე მეტ ხანს ატარებდა აბაზანაში. საშინლად ვერ იტანდა კატებს და ცხოვრების ბოლომდე ჰქონდა ღია კარების შიში.

ნაპოლეონს უყვარდა თამაში, მაგრამ ვერ იტანდა წაგებას და ხშირად იტყუებოდა. ჭადრაკის თამაშის დროს ხშირად ცდილობდა „მოკლული“ ფიგურების დაფაზე ჩუმ-ჩუმად დაბრუნებას. სამხედრო ნიჭის მიუხედავად, ნაპოლეონი სუსტად თამაშობდა ჭადრაკს. 1809 წელს, ავსტრიელების დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონი ქალაქ ვენაში შონბრუნის სასახლეში, ავსტრიელი მექანიკოს იოჰან მელცერის საჭადრაკო ავტომატს სახელად თურქი ("Turk") ეთამაშა. საჭადრაკო ავტომატი უნგრელი ბარონ ვოლფჰან ფონ კემპელენის მიერ იყო შექმნილი და შედგებოდა ადამიანის სიმაღლის და თურქული ტანსაცმელში გამოწყობილი მექანიკური თოჯინისგან, რომელსაც წინ დიდი ყუთი ედგა ზემოდან ჭადრაკის დაფით. თამაშის დაწყებამდე ავტორი გამოაღებდა ყუთს და მაყურებელს სანთლის შუქზე აჩვენებდა შიგნითა მექანიზმს, შემდეგ დახურავდა და მექანიზმს გასაღების მეშვეობით აამუშავებდა. ნაპოლეონიც დაინტერესდა ამ ავტომატით და რამდენიმე პარტია ეთამაშა. თამაშის დროს ნაპოლეონმა რამდენჯერმე სცადა, მოეტყუებინა „თურქი“. ავტომატმა თავდაპირველად შეუსწორა ნაპოლეონს უკანონო სვლები, მაგრამ იმპერატორმა კიდევ ერთხელ რომ სცადა მოტყუება, გაწბილებულმა „თურქმა“ საერთოდ წაართვა ფიგურა. ნაპოლეონმა რამდენიმე პარტია ითამაშა, მაგრამ ყველა წააგო. მან ისე დაასრულა სიცოცხლე, ვერ გაიგო, რომ სინამდვილეში ყუთში მალულად იჯდა ერთი ტანმომცრო, მაგრამ ძლიერი მოჭადრაკე იოჰან ალგაიერი, რომელმაც სარკეების მეშვეობით შეეძლო დაფის დანახვა და მექანიკური ხელის მეშვეობით ფიგურებს ამოძრავებდა.

 photo Kempelen_chess1_zps97d6369e.jpg

- თქვენი სამეცნიერო კვლევებიდან რომელს გამოარჩევდით?

-ახლახან დავასრულე სამტომეული ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობაზე, რომელშიც რუსულ და ფრანგულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ახლებულად წარმოვაჩინე ბევრი მოვლენა. თითქმის ათი წელია ვმუშაობდი ამ სამტომეულზე და პირველმა ორმა ტომმა - ბოროდინოს და ბერეზინას ბრძოლებზე ძალიან კარგი გამოხმაურება მიიღო; ბოროდინოს ბრძოლაზე წიგნმა წლის საუკეთესო წიგნის პრემიაც მოიპოვა. ორ კვირაში გამოვა მესამე ტომი, რომელიც 1812 წელს მოსკოვში დატრიალებულ მოვლენებს ასახავს და საარქივო მასალებზე და 200-ზე მეტ მემუარზე დაყრდნობით დავწერე. იმედი მაქვს, რომ მასაც კარგი გამოხმაურება ექნება.

კიდევ ერთ ნაშრომს ვახსენებ: მართალია დიდი არ არის, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობ აშშ-ს უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან, მათ შორის უმაღლეს სამხედრო აკადემიასთან (ვესტ პოინტი) და უმაღლეს საზღვაო სამხედრო კოლეჯთან (ნიუპორტში). ლექციებს ვუკითხავ ამერიკელ ოფიცრებს. შარშან ამერიკის უმაღლესმა სამხედრო აკადემიამ გადაწყვიტა სამხედრო ისტორიაზე ახალი სახელმძღვანელო შეექმნა, რომელიც წამყვანი სამხედრო ისტორიკოსების მიერ იქნებოდა დაწერილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით (ანიმაციური რუკები, ქრონოლოგიები, სურათები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები და ა.შ.) იქნებოდა აღჭურვილი. ბუნებრივია, წიგნი ელექტრონულ ფორმატში იქნებოდა და თითოეულ კადეტს ექნებოდა ატვირთული. მოკლედ, ჩემდა გასაკვირად, აკადემიის მიერ შერჩეულ ისტორიკოსთა შორის მეც ავღმოჩნდი და ნაპოლეონის ომების ისტორიაზე დავწერე თავი. წიგნი უკვე დასრულებულია და მეორე სემესტრია, გამოიყენება ვესტ პოინტში. წიგნის მომზადებისას ვესტ პოინტში მომიწია რამდენჯერმე ჩასვლა, რათა კადეტებს გავსაუბრებოდი და გამეგო, როგორ უდგებოდნენ სასწავლო პროცესს. მახსოვს ერთ-ერთი სემინარის დაწყებისას ოთახში შემოსულ კადეტებს შორის ქართველი კადეტიც დავინახე და უზომოდ გახარებული დავრჩი ამ ნიჭიერი ახალგაზრდა ოფიცრის გაცნობით.

-ამჟამად რა პროექტზე მუშაობთ?

-ამჟამად რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ. 7 წლის წინ გამოვეცი პირველი ინგლისურენოვანი ლექსიკონი საქართველოს ისტორიაზე, რომელშიც 800-მდე სტატია შევიტანე. შარშან გამომცემელმა მთხოვა კიდევ უფრო განმევრცო ეს ლექსიკონი და თითქმის დასრულებული მაქვს სამუშაო, ლექსიკონი უკანასკნელი 10 წლის მოვლენებსაც ასახავს და უკვე 900 სტატიას მოიცავს.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა კი ამჟამად ნაპოლეონის ომების ახალი ისტორიას შეეხება. მართალია ამ საკითხზე ასეულობით წიგნია დაწერილი, მაგრამ ყველა ევროპაზე აკეთებს აქცენტს და ნაპოლეონის ძირითად კამპანიებზე ამახვილებს ყურადღებას. მე კი გადავწყვიტე ნაპოლეონის ომების, როგორც გლობალური ფენომენის გამოკვლევა. ამ მიდგომით დაინტერესდა რამდენიმე წამყვანი ამერიკული და ბრიტანული გამომცემლობა, მაგრამ საბოლოოდ ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობაზე გავაკეთე არჩევანი და ამჟამად მისთვის ვამზადება ნამუშევარს. დაახლოებით მესამედი მაქვს მზად. წიგნში მიმოვიხილავ, მსოფლიო მასშტაბით რა ზეგავლენა იქონიეს ნაპოლეონის ომებმა, მათ შორის საქართველოზეც ვსაუბრობ.

-რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

-ოჯახი და მეგობრები... ეს განსაკუთრებით შარშან ზაფხულს ვიგრძენი, როდესაც ამდენი წლის შემდეგ შევძელი საქართველოში ჩამოსვლა და ძველებურად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად მოვილხინე.

- დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობთ - პირადი ცხოვრებით და კარიერით კმაყოფილი, რაც ძალიან სასიხარულოა. ალბათ, აქ უადგილო იქნება კითხვა - როდის აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას? თქვენმა შვილებმა ქართული თუ იციან ?

- ამერიკაში უკვე 14 წელია ვმოღვაწეობ და მუშაობას ისე გადავყევი, რომ საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ შარშან შევძელი. სამი კვირა გავატარე და ბევრი ადგილი მოვინახულე, ძალიან ბევრი რამ შეცვლილი დამხვდა. სამშობლოში დაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად როდის მოხდება ეს. ორი ბიჭი მყავს - ლუკა და სერგი. ზაფხულობით ბებია-ბაბუასთან ვუშვებ, ასე რომ, ქართული იციან. სხვათაშორის, ბებია-ბაბუებმა ორთავეს ჩოხა-ახალუხი შეუკერეს და გასული შობა-ახალი წელი ხანჯლების ტრიალში აღნიშნეს.