პოლიტიკა
„პირდაპირ ვამბობ ერევანში განვითარებული პროცესები რასაც უკავშირდება, დასავლეთის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ყარაბაღის კონფლიქტის გალღობაა“-სოსო მანჯავიძე
„პირდაპირ ვამბობ ერევანში განვითარებული პროცესები რასაც უკავშირდება, დასავლეთის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ყარაბაღის კონფლიქტის გალღობაა“-სოსო მანჯავიძე

მოსკოვს სირიაში მიღწეული სამხედრო-პოლიტიკური წარმატებისა და მთავარ გეოპოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებისთვის ალიყური ერევანში უთავაზეს. სომხეთის დედაქალაქში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარქისიანის გადადგომა მოჰყვა. ყოფილი პრემიერისადმი  მზარდი უკმაყოფილება ხავერდოვან რევოლუციაში სწორედ მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სარქისიანი სირიაში დასავლური კოალიციის მიერ განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა და განცხადა: „ვისაც სჯერა რუსეთის დამარცხების, ის უბრალოდ სულელია. ასე ეგონა ჰიტლერსაც, მაგრამ როგორი კრახით დაამთავრა, ყველამ კარგად ვიცით. ასე მოუწევს დონალდ ტრამპსაც, რომელიც პოლიტიკის გაგებაში არ არის. უპირისპირდები ძალას, რომელიც დაუმარცხებელია. ჩვენ ერთიანად დაგბომბავთ ყველას და არავის შეექმნას ილუზია იმისა, რომ უპასუხოდ დავტოვებთ“.

რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსი დასავლეთს მოსვენებას უკარგავს. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე ერდოღანი შეერთებულ შტატებს ნომერ პირველ საფრთხედ აცხადებს. “ჩვენ ფულით ვერ ვყიდულობთ ამერიკისგან შეიარაღებას, მაგრამ აშშ და კოალიციური ძალები უფასოდ აწვდიან ამ შეიარაღებას და საბრძოლო მასალებს ტერორისტულ დაჯგუფებებს. მაშ ვისგან მოდის საფრთხე? პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან?” – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ასეთ ვითარებაში მოსკოვის კუთხეში მიყენების და რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსის გაწყვეტის ერთ-ერთ სერიოზულ ბერკეტად შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტის ხელოვნური გააქტიურება იქცეს.

სომხეთში მიმდინარე პროცესების საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ასპექტებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ესაუბრება:

-ბატონო სოსო, როგორია სომხეთში განვითრებული მოვლენების არსი? რა ტიპის პროტესტი ვიხილეთ ჩვენ ერევნის ქუჩებში?

-დავიწყოთ იმით, რომ სომხეთში პროტესტს პერმანენტული ხასიათი აქვს. წელი არ გასულა, ე.წ. ყარაბაღული კლანის წინააღმდეგ აქციები არ გამართულიყო. ეს კლანი გამოირჩევა განსაკუთრებული სიხარბით. მათ  მთელი სომხეთის ეკონომიკის მონოპოლიზირება მოახდინეს და ქვეყანა საკუთარ სამფლობელოდ აქციეს. სომხეთში კორუფცია მძვინვარებს, შესაბამისად, ხალხში ამ კლანის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილი ძალიან დიდია. ამ საპროტესტო ტალღის დეტონატორად ხელისუფლებაში სერჟ სარქისიანის მობრუნება იქცა.

-საპროტესტო ტალღის აგორებამდე რამდენიმე დღით ადრე სარქისიანი გამოეხმაურა სირიაში კოალიციის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს და განაცხადა, რომ დასავლეთს უპასუხოდ არ დატოვებდა და რუსეთთან ერთად ყველას დაბომბავდა. სარქისიანის  განცხადება ამ საპროტესტო ტალღას საეჭვოდ ხომ არ დაემთხვა?

-სარქისიანის  განცხადება რუსეთის მიმართ ლოიალობის დამტკიცების ერთგვარ ჟესტს წარმოადგენს. ის აპელირებს იმაზე, რომ სომხეთი არის რუსეთის ფორპოსტი და ჩაუძირავი ავიამზიდი სამხრეთ კავკასიაში. სარქისიანმა რუსეთს და თავის თავს, როგორც ამ მოკავშირეობის გარანტს, ასეთი ანეგდოტური ფორმით შეასხა ხოტბა. ამან მას არ უშველა.  მინდა ვთქვა, რომ ეს გამოსვლები, რომლებიც არაძალადობრივი პროტესტის ყველა ნიშანს ატარებს, დამუშავებული ტექნოლოგიებია.

-თვლით, რომ  ყველაფერი წინასწარ მომაზდებული და გათვლილი იყო?

-ცხადია, მომზადებული იყო, ეს ბრძოლა მიმდინარეობს ყველგან, პოსტსაბჭოთა სივრცეში.  ჩვენ  ზუსტად მაიდნის სცენარის განვითარებას ვხედავთ, ფერადი რევოლუციის ნიშნები ჩანს. თუმცა ვერანაირი ფერადი რევოლუცია ვერ განხორციელდება, თუ პირობები მომზადებული არ არის. სომხეთის ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მუდმივად ყარაბაღის კონფლიქტს იყენებდა და იმ საფრთხეზე აპელირებდა, რომელიც სომხეთს ემუქრება. მართალია საფრთხე რეალურია, მაგრამ საპროტესტო მუხტი იმდენად დიდი იყო, რომ თვით ამ ფაქტორმაც ვერ გადაწონა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

-ეს შეიძლება შევარდნაძისადმი დაგროვილ უარყოფით მუხტს და ე. წ. ვარდების რევოლუციის პროცესსაც შევადაროთ?

-რა თქმა უნდა, დაახლოებით ეს სიტუაციაა, ცხადია პარალელის გავლება შეიძლება.  ყველა ქვეყანას თავისი უნიკალური თვისებები აქვს, მაგრამ საერთო ნიშანი- ხელისუფლების განუწყვეტელი ტყუილები, კანონდარღვევები, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, სიღატაკე და ამ სიღატაკესთან მიმართებაში ხელისუფლების არაადეკვატური ქმედები, დაახლოებით ერთი და იგივეა.

ბოლოს სარქისიანმა ისიც კი თქვა, სანამ ყარაბაღის პრობლემა იარსებებს, სომხეთში ხელისუფლება არ შეიცვლება და მუდმივად ვიქნებითო. ბუნებრივია, ეს განცხადებები სომხური საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა. ისიც უნდა ითქვას, რომ სერჟ სარქსიანს  ჰქონდა რუსეთის იმედი, რადგან მიიჩნევს, რომ ის არის რუსეთის ყველაზე სასურველი კანდიდატი. რუსეთი, როგორც ყოველთვის, ფსონს ასეთ ლიდერებზე დებს. მას ალტერნატიული სახელმწიფო მოწყობა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის არ შეუთავაზებია. როგორც რუსეთშია სისტემა, ზუსტად ამგვარ კალანურ-კორუფციულ-კლეპტოკრატიულ მმართველობებს უჭერს მხარს. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, როდესაც რუსეთმა იანუკოვიჩზე დადო ფსონი, მიუხედავად   იმისა, რომ ის რუსეთის პროექტი არ ყოფილა. სწორედ იანუკოვიჩის პერსონის და მისი კლანის მხარდაჭერა  გახდა ფერადი რევოლუციების დეტონატორი, რომელმაც უკრაინელი ხალხი ამ დღეში ჩააგდო. სხვათაშოროს, არც რუსეთი ჩავარდნილა კარგ დღეში, მოგეხსენებათ, ორ მართლმადიდებელ სლავ ხალხს შორის ძმათამკვლელი ომი მიმდინარეობს.

სომხეთშიც იგივე სიტუაციაა. რუსეთი ოდიოზური ფიგურის, სერჟ სარქისიანის მხარდაჭერით ახლომხედველი პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს. სარქისიანის ასეთი უპირობო მხარდაჭერა, რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სომხურ საზოგადოებაში ანტირუსულ განწყობებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის უსაფრთხოება დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე, იქ საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად ანტირუსულისკენ გადაიხარა, ამან რა თქმა უნდა, არ შეიძლება რეგიონში გარკვეული პროცესები არ გამოიწვიოს.

-რატომ ვერ თვლის ასეთ მარტივ რამეს მოსკოვი? რუსეთისთვის ხომ რთული იქნება რეგიონში მოკავშირის დაკარგვა?

-რუსეთს ამ პატარა რესპუბლიკების მიმართ  ტრადიციულად  ქედმაღლური დამოკიდებულება  აქვს. რუსი პოლიტიკოსები თვლიან, რომ სომხეთს ისინი არჩენენ და სომხეთის არსებობა და ჩამოყალიბება სწორედ მათი დამსახურებაა. ცხადია, ამაში შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ ეს სომხებისთვის სასიამოვნო მოსასმენი არ შეიძლება იყოს, მაგრამ რუსები ამის თქმას არ ერიდებიან. გარდა ამისა, რუსეთის ე.წ. რბილი ძალა იქ არ მუშაობს, თავს მაინცდამაინც არ იწუხებენ, რომ მოკავშირე ქვეყნებში მათთვის სასურველი პოლიტიკური რეალობა ჩამოაყალიბონ და არც  არანაირ სახსრებს არ დებენ ამაში. რუსეთი ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობებზე ოპერირებს, ამიტომ პოლიტიკური აზროვნების თვალასაზრისით, დასავლეთთან ყოველთვის აგებს, ეს თვალშისაცემია. როდესაც არმიაშიც მიდის განხეთქილება, ძალიან ძნელია, მმართველობის შენარჩუნება.  

-რუსეთი რაიმე ფორმით ჩაერევა ამ პროცესში, როგორ  ფიქრობთ?

-თუ პროცესი ღრმად წავა და შეიარაღებული დაპირისპირება მოხდება, რასაც არცერთ მეზობელს არ ვუსურვებ, ცხადია, ჩაერევა და ამ ჩარევის ფასი ძალიან მაღალი იქნება. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში ასეთი დესტაბილიზაცია ხდება, ეს რუსეთისთვის არის სერიოზული მარცხი, ისევე, როგორც მარცხია ის, რაც ხდება ყაზახეთში. ყაზახეთშიც  მკვეთრი გადახრა მოხდა. რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ნაზარბაევს ამერიკაში ვიზიტისას შეახსენეს, თუ სად ინახებოდა მისი ფონდის აქტივები. ამის შემდეგ  ნაზარბაევმა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და კირილიცას მაგივრად ლათინური შრიფტის შემოღება გადაწყვიტა. დაახლოებით იგივეს აკეთებს, რის გაკეთებასაც უკრაინის ხელისუფლება ცდილობს. ამან მკვეთრი რეაქცია გამოიწვია რუსეთში, მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მოსკოვი ამ თვალსაზრისით, ეფექტურად ვერ მოქმედებს. როგორც ჩანს, მას ამის ინსტრუმენტები არა აქვს. ახლა დავუბრუნდეთ სომხეთს...

-მაშინ გავხსნათ ფრჩხილები და ვთქვათ  რა ძალები დგანან სომხეთში განვითარებული პროცესების უკან, ან რა ძალები იყენებენ  იქ შექმნილ ვითარებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის?

-ახლავე მოგახსენებთ, საერთოდ, მას შემდეგ, რაც გლობალიზაცია წავიდა და დედამიწა „დაპატარავდა“, არც ერთი შიდა პოლიტიკური ძვრა და მითუმეტეს, ხელისუფლების ცვლა არ ხდება გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, არ ხდება ისე, რომ ამა თუ იმ პროცესში ეს ძალები მონაწილეობას არ იღებდნენ, ეს კანონია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთი იმყოფება სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ფეთქებადსაშიში არის ყარაბაღის კონფლიქტი. იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ დასავლეთსა  და რუსეთს შორის უმწვავესი დაპირისპირება მიმდინარეობს. დასავლური ძალები, კერძოდ, ანგლოსაქსები გეოპოლიტიკის მამების, მეჰემისა და მაკინდერის მიერ დამუშავებული  ე.წ. “ანაკონდას რკალის“კონცეფციით მოქმედებენ, რაც რუსეთის გარშემო  ცეცხლოვანი რკალის შემორტყმას გულისხმობს.

-ანუ, ეს არის რუსეთის ჩიხში მოქცევის გეგმა, მარტივად რომ ვთქვათ…

-დიახ, ეს არის რუსეთის შევიწროება, დასუსტება, ბლოკირება, მისი შეკეტვა და განდევნა შუამდებარე მიწებიდან. ამის ინსტრუმენტი ერთ მხრივ, ვიცით რა არის, ნატოს გაფართოება, რუსეთის გარშემო არასტაბილური სარტყელის შექმნა, მისი გარშემორტყმა მტრულად განწყობილი სახელმწიფოებით და სხვა ამგვარები, ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისინი ბოროტები არიან და  კეთილ რუსეთს ებრძვიან. გეოპოლიტიკაში არსებობს კანონი, რომელიც არავის არ გაუუქმებია: „თუ არ იბრძვი  ახლის მოსაპოვებლად, გართმევენ იმას, რაც გაქვს.” რუსეთის ამოიცანაა, პირიქით, გაიფართოვოს გავლენის სასიცოცხლო არეალი და ა. შ.

 -ხომ არ ფიქრობთ, რომ სირიაში დასავლეთის პოლიტიკის კრიზისმა და მარცხმა სომხეთში ამოხეთქა, ასე ვთქვათ?

-რა თქმა უნდა, ეს ერთი რეგიონია. სომხეთი, ერაყი, თურქეთი ერთ რეგიონს წარმოადგენს. ყარაბაღი არის აზერბაიჯანის საბჭთა რესპუბლიკის ყოფილი ტერიტორია, რომელიც ახლა  სომხეთის დეფაქტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. იქ დგანან რუსი სამშვიდობოები და კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გადაიზარდა. უნდა გვესმოდეს, რომ აზებაიჯანი არა მარტო მდიდრდება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის შედეგად, არამედ ძალიან ჭკვიანურ პოლიტიკას ატარებს. თვითონ აზერბაიჯანი რთულად შედგენილი სახელმწიფოა, დიდი შიდა პრობლემატიკით. მის მიმართ პრეტენზიები აქვთ ირანს. მას ესაზღვრება ჩრდ. კავკასია, სადაც ასევე მრავალი პრობლემაა, თუმცა ალიევმა მოახერხა და  დაპირისპირებულ ძალებს შორის ბალანსი დაამყარა. ირანთანაც და რუსეთთანაც სიტუაცია მეტნაკლებად დაარეგულირა. ალიევმა ისრაელის მეშვეობით სიტუაციის დაბალანსება მოახერხა და დასავლეთთანც ისეთი მწვავე დაპირისპირება აღარ აქვს. ბაქო-ჯეიჰანის ნავთობის 30%  ისრაელის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მიდის. გარდა ამისა, ისრაელმა თურქეთთან ერთად უდიდესი როლი ითამაშა აზერბაიჯანული არმიის მოდერნიზაციაში და მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მიჰყიდა. მათი სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის მასშტაბები კარგად უნდა გვესმოდეს. აზერბაიჯანს  ძალიან ძლიერი არმია ჰყავს და ალიევმა პირობა დადო, რომ თუ ყარაბაღის დაბრუნება პოლიტიკური მეთოდებით არ მოხდება, ის ამას  სამხედრო ძალით გააკეთებს. აი, ეს ვითარებაა და შესაბამისად ჩვენ შეიძლება მოდელირება მოვახდინოთ, რა შეიძლება მოხდეს.

-ამ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 12 მაისს ბაქოში დანიშნულია ხალხმრავალი აქცია ყარაბაღის დაბრუნების მოთხოვნით...

-კი ბატონო, ასეა და ყარაბღის პრობლემის სიმწვავე ჩვენ უნდა გვესმოდეს. იქ არა მარტო ყარაბაღია, არამედ თვითონ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებიც დაპყრობილია და ძალიან ბევრი ლტოლვილია. აზერბაიჯანი თავს დამარცხებულად გრძნობს,  რევანშისტული განწყობები ძალიან ძლიერია. ამავე დროს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები, ძალიან ძლიერი არმია და კარგი შეიარაღება, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიც შექმნეს.  ამიტომ თავშეკავება ასეთ ვითარებაში, როდესაც ხედავ, რომ  მოწინააღმდეგეს პრობლემები შეექმნა, საფრთხე რა დიდიც არ უნდა იყოს, მაინც  ძნელია.

რა გარე ძალებს აწყობთ ყარაბაღის კონფლიქტის გალღობა?

-რა თქმა უნდა, ეს აწყობს დასავლეთს, ვინაიდან ევრაზიაში ჩამოყალიბდა სიტუაციური ტრიუმვირატი რუსეთს-თურქეთს და ირანს შორის. ეს ჩამოყალიბდა დასავლეთის პოლიტიკის საპირწონედ მახლობელ აღმოსავლეთში.  გადავავლოთ თვალი ამ ტრიუმვირატის ლიდერების შეხვედრების ინტენსივობას, მიუხედავად მათი უთანხმოებისა სირიაში, ვხედავთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ფუნდამენტის ჩაყრას, რუსეთისგან ს-400-ის ყიდვას, სამხრეთის ნაკადის პროექტს, ეკონომიკიური ბლოკადის მოხსნას, რუსი ტურისტების დაბრუნებას თურქეთის კურორტებზე და ა. შ. ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი დასავლეთში. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა უკვე დაიწყო თავისი ოქროს მარაგების გამოტანა შეერთებული შტატების საცავებიდან, ხოლო ირანამა დოლარზე უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, დასავლეთის წინაშე დგას ამოცანა ანკარამ გაწყვიტოს კავშირი მოსკოვთან და თურქეთი  თავის ორბიტაზე დააბრუნოს. რაც ჩამოვთვალე, დასავლეთს დაუფარავად  აღიზიანებს.

ამიტომ პირდაპირ ვამბობ ეს პროცესები რასაც უკავშირდება, დასავლეთის მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის ყარაბაღის კონფლიქტის გალღობა. საერთოდ, როდესაც შიდა პოლიტიკური არეულობა ან გადატრიალება ხდება, ეს აუცილებლად გარეთ პროექცირდება და კონფლიქტის სახით გადმოიღვრება, კანონზომიერებაა ასეთი. ბუნებრივია, ნებისმიერი დესტაბილიაზცია სომხეთში  ყარაბაღის კონფლიქტის ცხელ სტადიაში გადასვლის რისკს ზრდის.

-ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურების შემთხვევაში ირანი მიუხედავად რელიგიური ფაქტორისა, სომხეთის მხარეს აღმოჩნდება?

-ირანს ძალიან გამწვავებული ურთიერთობები ჰქონდა აზერბაიჯანთან. ირანი საერთოდ თვლის, რომ აზერბაიჯანი არის ჩრდილოეთ ადარბადაგანი, ანუ, თავის ნაწილად თვლის. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ აზერბაიჯანის ეთნიკურ შემადგენლობაზე, იქ 800.000 თალიში ცხოვრობს, ესენი არიან სპარსელები, ამის გარდა არიან ჩრდ.კავკასიელები- ლეზგინები. აზერბაიჯანს მანევრირება ძალიან რთულ სიტუაციაში უხდება, იმიტომ, რომ რუსეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ უზარმაზარი ინსტრუმენტები აქვს, ისევე როგორც ირანს. ბაქო  ახერხებს და ამ ყველაფერს აბალანსებს, თუმცა აქ ნებისმიერი კრიზისი   ძალიან სერიოზული პრობლემების დეტონატორი შეიძლება გახდეს. ერთადერთი რამ, რაც  აზერბაიჯანში არეულობას აკავებს, ეს არის ალიევების ძალიან ძლიერი დინასტიური მმართველობა.

-სხვათაშორის, წინა წელს, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა, რუსეთი არ ჩაერია, შუამავლის როლით დაკმაყოფილდა...

-სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში სომხეთი განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და რუსეთი იძულებული იქნება ჩაერიოს, ავტომატურად მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. რეგიონალურ მოთამაშეებს კარგად ესმით ამ კონფლიქტის აფეთქების მასშტაბები, შესაბამისად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების მისამართით. მისი თქმით, აშშ ტერორისტებს აწვდის შეიარაღებას და აშშ-ის მოქმედებები თურქეთისთვის საფრთხის მატარებელია. ეს განცხადება ძალიან სერიოზული განხილვების საგანი გახდა დასავლეთის საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში. რუსეთ-თურქეთ-ირანის ალიანსი არის რღვევა მთელი გეოპოლიტიკური გათვლებისა და მსოფლიო გადანაწილების აშკარა მცდელობა, რაზედაც ღიად საუბრობს იგივე, პუტინი. შესაბამისად, ამ პროცესების დეტონაცია სომხეთში არ შეიძლება მხარდაჭერილი არ ყოფილიყო დასავლეთის ძალების მიერ. შეიძლება ახლა ცოტა მძიმეა იმაზე საუბარი, რომ მათ მოახდინეს სომხეთში მიმდინარე პროცესის ინსპირირება, თუმცა ის, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

-ბატონო სოსო, ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  სერჟ სარქისიანი გადადგა. რა რეაქცია ექნება ამაზე მოსკოვს? რამდენად შეძლებს რუსეთი პროცესების მართვას და ამის შემდეგ სომხეთში თავისი გავლენის შენარჩუნებას?

-ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ურთიერთობები ძალიან რთულად არის აგებული. ასეთი ცვლილებებისას ხდება პოლიტიკური და ფინანსური ნაკადების შეჩერება-გადალაგება-გადმოლაგება.

ზოგადად, სომხეთში  ნდობის კრიზისია, გამოკითხვის მიხედვით, ხელისუფლებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 4.75%  და ოპოზიციას- 4.5%. ამ ფონზე პაშინიანი ერთპროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა, მას მხარი ფინანსურად და პოლიტიკურად მძლავრმა სომხურმა დიასპორამ დაუჭირა.

ჩვენ ახლა თვალი უნდა გავადევნოთ რამდენად შორს წავა პროცესი, სარქისიანის გადადგომა ერთია და სახელისუფლებო სიმაღლეების ცვლა რეალურად მოხდება თუ  არა-მეორე. იქ არის ინტერესთა ჯგუფები, ძალაუფლების გადანაწილება და ა. შ. უამრავი საკითხია და რამდენად იქნება პროცესები მართული თუ უმართავი, ეს არის ყველაზე საინტერესო. ცხადია, ახლა იქ  ჩარეულია რუსეთის საელჩო და სხვა ქვეყნების სტრუქტურებიც, რომ პროცესი მართვად ფორმატში მოაქციონ.

-ანუ, რა ლების ხელში აღმოჩნდება ხელისუფლება?

-დიახ, ამაშია საქმე, რა ძალების ხელში აღმოჩნდება ხელისუფლება. ძალიან კარგია, რომ სარქისიანი გადადგა და საქმე სისხლის ღვრამდე არ მიიყვანა, თუმცა რამდენად შორს წავა პროცესი იმაზეა დამოკიდებული, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ. სარქისიანი წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც ეკონომიკის ყველა საკომანდო სიმაღლეს ფლობს. როგორ განვითარდება მოვლენები,კოჰაბიტაციის გზით თუ სხვაგვარად, შეძლებენ თუ არა შიდა სტაბილურობის შენარჩუნებას და რამდენად დაალაგენ ურთიერთობებს გეოპოლიტიკურ აქტანტებტან რეგიონში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სომხეთისთვის.

-ხელისუფლების შეცვლა ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურების რისკს ამცირებს?

-არა, პირიქით, ზრდის. დესტაბილიზაცია ლატენტური კონფლიქტების გააქტიურების რისკს ყოველთვის ყველაგან ზრდის. ჩვენთან შიდა გადატრიალების შემდეგ რაც მოხდა, ხომ გვახსოვს?

მთავრია პროცესები ისე არ განვითარდეს, რომ ჩვენ რაღაც დაპირისპირების არეალი გავხდეთ. 

ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ პრობლემების პროექცია საქართველოში არ მოხდეს, ჩვენი პრობლემებიც საკმარისზე მეტი გვაქვს. თუ ყარაბაღის კონფლიქტის გალღობა დაიწყო,  რუსეთიდან სამხედრო ტვირთების გადაადგილების ერთადერთი გზა საქართველოზე გადის. ასევე, ერთ-ერთი მხარის დამარცხებას არ შეიძლება ლტოლვილების ნაკადი არ მოჰყვეს. გარდა ამისა, არავინ იცის რა მოხდება, თუ თურქეთი და რუსეთი ერთმანეთს კვალავ გადაეკიდნენ. ამ ვითარებაში მოვლენების ასე განვითარება რეალური არ ჩანს, თუმცა ამის ალბათობაც არსებობს და ამისთვის ქვეყანა წესით, უნდა ემზადებოდეს.