ტექნოლოგიები
LG G2 - სმარტფონი, რომელიც ადამიანებისგან სწავლობს
LG G2 - სმარტფონი, რომელიც ადამიანებისგან სწავლობს

რას წარმოადგენს LG G2?

ტექნიკური თვალსაზრისით, პირველ რიგში, ეს არის Snapdragon 800 ტიპის ჩიპი. ელექტრონიკის ერთ-ერთმა სამხრეთ კორეულმა გიგანტმა ნიუ-იორკის ცენტრში შეკრიბა საზოგადოება, რათა, დამსწრეთათვის, შემდგომ კი მათი მეშვეობით მთელი მსოფლიოსთვის საკუთარი დიდი ხნის ნანატრი პროექტი გაეცნო და წარმოეჩინა. ორგანიზატორთა თქმით, მასში გაერთიანებულია როგორც დღევანდელი, ისე მომავლის ტექნოლოგიები. დამსწრეთა სასწაულის მომლოდინე, მაცდუნებელი წუთები ძალიან მალე სიხარულმა და აღფრთოვანებამ შეცვალა, რადგან მათ აქამდე უხილავი რამ იხილეს. დარბაზი სავსეა ხალხით. ფარდა მათ წინ მალავს იმას, რასაც აქ შეკრებილი ადამიანების იმედი ჰქვია. კომპიუტერებითა და სხვა ციფრული მოწყობილებებით აღჭურვილი სტუმრები განაბულან სიახლის მოლოდინში.

ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში LG-ის სიმბოლიკა არსად ჩანს. უცებ ფარდა იწევა და უზარმაზარ ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს ოცნების რეალობად ქცევას აუწყებს - სმარტფონს აკუმულატორის ერთი დატენვით შეუძლია მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი დატვირთვით მუშაობა. შემდეგ იწყება ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი შავ-თეთრი კადრების დემონსტრირება... და აი ეკრანზე, ამ სილუეტების ფონზე, კაშკაშა ფერებმა ასოების მოხაზვა დაიწყეს. გამოიკვეთა სიახლის სახელწოდება - LG G2. სცენაზე კომპანიის თავკაცი ბატონი იონგ-სეოკ პარკი გამოჩნდა და და განაცხადა, რომ საზოგადოებისათვის უკვე დადგა დრო, რათა „ისტორიაში ყველაზე ამბიციური სმარტფონი“ ეჩვენებინათ. ციფრებიც 2007 და 2013 ცივილიზაციის ისტორიის დროის სწორედ ამ მონაკვეთის შესახებ მეტყველებენ.

„ახალი ტელეფონი ადამიანებისგან, ანუ ციფრული ტექნიკის მომხმარებლებისაგან სწავლობდა. საბოლოოდ მან ადამიანის საქციელზე სწორად რეაგირება ისწავლა. მაშ ასე, გაიცანით ახალი ფლაგმანი LG G2“. ეკრანზე კადრებს და სახეებს მუსიკალური ინსტრუმენტები ცვლიან. კაცი იფიქრებს, საუბარი ორკესტრის შესახებ წარიმართებაო.

მაგრამ არა... საუბარი მხოლოდ ახალი სმარტფონის კაშკაშა და მარალხარისხიან ეკრანს ეხება. კომპანიის თავკაცის ზურგს უკან სიახლის ამსახველი გიგანტური მოდელი მოსჩანს. ბატონ იონგ-სეოკ პარკს მარცხენა ხელში უკავია ახალი სმარტფონი და საზოგადოებას უხნის, რომ დღეს ტელეფონი ადამიანებისათვის კიდევ უფრო ახლობელი გასაგები და მისაღები გახდა. „G2-ი აშშ-ს ოთხი წამყვანი ქსელის ოპერატორისთვის იქნება ხელმისაწვდომი“. სცენაზე Qualcomm-ის ხელმძღვანელი, ბატონი სტივ მოლლენკოპფი გამოჩნა.

„საქმე იმაშია, რომ ეს საოცრება ამ კომპანის Snapdragon 800-ის პროცესორზეა დაფუძნებული. LG G2 არის ორი კომპანიის დაუღალავი შრომის ნაყოფი. ის გამოირჩევა პროცესორის მაღალი სისწრაფით, ძლიერი ბატარეითა და 4G LTE-ს გაფართოებული მხარდაჭერით. Snapdragon 800 ტიპის პროცესორი სმარტფონს აქამდე უნახავ წარმადობას, მაღალხარისხიან გრაფიკასა და შესანიშნავ მულტიმედიურ შესაძლებლობებს ანიჭებს. ახალი საკომუნიკაციო მოწყობილობა ფლობს 2,26 (Ghz) გიგაჰერცზე მომუშავე ოთხბირთვიან Snapdragon 800 ტიპის პროცესორს; 3000 (mA) მილიამპერიან აკუმულატორს; 2 (GB) გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას. მისი შიდა (ჩაშენებული) მეხსიერება 16 და 32 (GB) გიგაბაიტის ტოლია. ახალი სმარტფონი Android 4.2.2 Jelly Bean-ის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს.

მომხმარებელს შეუძლია სმარტფონის მიერ გადაღებულ საუკეთესო ხარისხის სურათებში ცხოვრების მშვენიერი და ბედნიერი წამები აღბეჭდოს. ხმის მართვა უკანა პანელის სენსორული ზედაპირის მეშვეობით ხდება“. ამასობაში კი სცენაზე გამოდის აშშ-ში განთავსებული LG-ს ქვედანაყოფის წამყვანი ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი ჯეიმს ფიშერი.

„ახალი ტელეფონები ზომებში სულ უფრო და უფრო მატულობენ, მაშინ როდესაც მომხმარებლის ხელის ზომა რჩება იგივე. ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ტელეფონი უკანა პანელით ეჭიროთ ხელში და ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელი და კომფორტული გავხადოთ. დღეს ჩვენ ეს შევძელით. ამისათვის ინჟინრებმა მაქსიმალურად აითვისეს ტელეფონის კორპუსის შიგნით არსებული სიცარიელეები“. ტელეფონის დისპლეის ზომა 5,2 დიუმია და იგი წინა წლის ფლაგმანზე 4,7 დიუმიან Optimus G-ზე დიდია.

„G2-ის თაჩ-სენსორს გააჩნია 2 კონექტორი: ზედა და ქვედა. ჩარჩოს ზომების 2,5 მილიმეტრამდე შემცირების ხარჯზე კი ტელეფონი დიდი ეკრანის მქონე და ამავე დროს საკმაოდ კომპაქტური გახდა. დისპლეი HD IPS ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ფოტო-ვიდეო გადაღების რეჟიმს უზრუნველყობს 13 მეგაპიქსელიანი გამოსახულების სტაბილიზაციის მქონე კამერა. ხმის ხარისხი აღემატება კომპაქტ დისკის ხარისხს. მისი მაჩვენებელი შეადგენს 24 ბიტს და დიაპაზონში 192 კილოჰერცს. ეს არის ნამდვილი Hi-Fi ხარისხი“.

“ტელეფონის ჩასართავად დღემდე სარგებლობთ ჩერთვა-გამორვის ღილაკით? სტუმრის რეჟიმის მეშვეობით თქვენ ირჩევთ პროგრამულ დამატებას, რომელის ნახვას სხვა მომხმარებლებიც შეძლებენ. აქვეა „Answer Me“ ფუნქციაც. რაც შემომავალ ზარზე ადამიანის მიერ ღილაკზე ხელის დაჭერის გარეშე პასუხის გაცემის საშუალებას გულისხმობს. არის კიდევ Plug & Pop ფუნქციაც. მისი დახმარებით იძებნება ისეთი პროგრამული დამატებები, რომლებიც მომხმარებელს გარნიტურის მიერთებისას ყველაზე დიდი ალბათობით დასჭირდება“.

„ეს არა უბრალოდ ტელეფონი, არამედ ნამდვილი საოცრებაა. ოცნება მოწყობილობაზე, სადაც „ყველაფერი ერთში“ იქნებოდა - განხორციელდა! აქ ერთდროულად ყველაფერია: სწრაფმოქმედი სმარტფონიც, მაღალი ხარისხის დისპლეიც, ციფრული კამერაც და მუსიკალური ცენტრიც. ყოველივე ეს შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ბედნიერი და შენაძენით კმაყოფილი ყოფილიყო“.

ფონად ისმის სიმღერა „ცხოვრება მშვენიერია“ - ვენის ვაჟთა გუნდის შესრულებით, რაც ღონისძიების ორგანიზატორთა და დამსწრე საზოგადოების განწყობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სიმღერის დამთავრებასთან ერთად ეკრანზეც სინათლე თანდათან კლებულობს.

ასე დასრულდა მორიგ ტექნოლოგიურ სასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება.

...ვინ იქნება შემდეგი?

მომზადდა Engadget.com-ის მასალების მიხედვით