სპორტი
დევიზ დარჯანია გარდაიცვალა
დევიზ დარჯანია გარდაიცვალა

61 წლის ასაკში, დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა.

დევიზ დარჯანია დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის) რაიონის სოფელ ონოღიაში . 1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს მარტვილის „სალხინოში“, თბილისისა და ზუგდიდის „დინამოში“, სამტრედიის „ლოკომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა. დარჯანიას თავისი კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისურ კლუბში აქვს გატარებული. 1982 წელს რიონისპირელები მისი კაპიტნობით საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგას დაუბრუნდნენ. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 38 მატჩში კი მან 19 გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ დევიზ დარჯანიამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და „წყალტუბო 83“-თან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (1985-1986 წწ.).

- დევიზ დარჯანია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო, ამასთან ძალიან ღირსეული ადამიანიც გახლდათ. კლუბის სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და გულშემატკივრებს, - აღნიშნა საფეხბურთო კლუბ „მერანის“ დირექტორმა, ელდარ ბაკურიამ.

დევიზ დარჯანიას დაკრძალვის ცერემონია კვირას, 13 ივლისს მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში გაიმართება.