სხვადასხვა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა. ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პრეზენტაციას და სამუშაო/სატესტო მატარებლის გავლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი დაესწრნენ. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ფაქტობრივად 180 კილომეტრი რკინიგზის გაყვანის სამუშაოები დასრულებულია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სამუშაოები წლის ბოლომდე დამთავრდეს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად არის დასახელებული. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ 2014 წლის ბოლოს ქართულ მონაკვეთზე უნდა გაევლო პირველ სატესტო მატარებელს. დათქმული ვადების შესაბამისად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ დაასრულა ლიანდაგის დაგება მთელ მონაკვეთზე. გიორგი კვირიკაშვილი და ზია მამედოვი უშუალოდ დაათვალიერებენ დასრულებულ სამუშაოებს და პროექტის მნიშვნელობასა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრებენ. ახალ რკინიგზას წელიწადში 1 მილიონი მგზავრის გადაყვანისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ დამატებით 2500 ადამიანი დასაქმდება.