პოლიტიკა
გიორგი მარგველაშილი: გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს
გიორგი მარგველაშილი: გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილმა გულისტკივილი და შეშფოთება გამოხატა ისრაელში, გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო და აღნიშნა, რომ ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მინდა გამოვხატო ჩემი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული დამოკიდებულება ისრაელის პრეზიდენტის მიმართ. 
ჩვენთან სტუმრად არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, იმ ერის ლიდერი, რომლის დამოკიდებულებაც გამოხატულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიიდან. 

ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის; ჩვენს შორის დიპლომატიურ ურთიერთობას კი, წელს 25 წელი უსრულდება. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის; მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ებრაელი მეგობრები ჩვენ გვერდით იდგნენ.
დღეს მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ მოხდა ისრაელში. 

ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სადარაჯოზე.

ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით და დღესაც მხარს ვუჭერთ ისრაელის ხალხს, გამოვხატავთ თანადგომას ამ მძიმე წუთებში. 

ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე მიგვიყვნს, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ამ კონკრეტულ ტერორისტულ აქტებთან მიმართებაში, ასევე, იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია და, რომელიც კაცობრიობის კეთილი ნებისა და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ. 

ჩვენ გვაქვს ყველა სახელმწიფოებრივი და სამთავრობო ფორმატი ჩვენი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა საზოგადოებებისგან და ხალხებისგან ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად; 

გვაქვს მზარდი შესაძლებლობები ტურიზმთან მიმართებაშიც. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, საქართველოსა და ისრაელს შორის, ბიზნესმენთა უფრო აქტიური დაახლოებისაკენ და უფრო აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისაკენ გადაიდგას, რაც ნამდვილად დიდ შესაძლებლობას შეიცავს.

პატივცემულ დელეგაციას ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და შესაძლებლობები გავაცანით, რომელიც ჩვენსა და ისრაელს შორის ეკონომიკის, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საფუძველს ქმნის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა, რომლის წინაპირობებიც არსებობს, უახლოეს მომავალში გაღრმავდება.

კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო ისრაელის პრეზიდენტსა და პირველ ლედის საქართველოს სტუმრობისთვის. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული ემოციით დატვირთული ვიზიტი; 
გვიხარია, რომ ასე კარგად დაიწყო ჩვენთვის 2017 წელი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი, ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს იმ ისტორიულ თანამშრომლობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყნებს შორის”, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში.
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და სიძულვილის ნებისმიერ ფორმას, ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს.

რივენ რივლინმა გიორგი მარგველაშვილს თბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
"ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა, განსაკუთრებით თქვენი ისრაელში ვიზიტის შემდეგ. გმადლობთ, თქვენ და თქვენს თბილ ხალხს თბილი დახვედრისათვის
მე აქ ჩამოვედი იერუსალიმიდან, წმინდა ქალაქიდან - ცენტრალური ქალაქიდან. ეს არის ქალაქი, სადაც დაბრუნებისათვისაც ებრაელი ხალხი ორი ათასი წელი ლოცულობდა. დღეს, ეს არის ქალაქი, სადაც ჩვენ ვგლოვობთ ტერორიზმისა და სიძულვილის მსხვერპლთ, ახალგაზრდა მამაკაცებსაც და ქალებს. ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს, ტერორიზმი უფრო გააძლიერებს ჩვენს ერთგულებას იერუსალიმისა და ჩვენი რწმენისადმი. 

დღეს მე აქ ვიმყოფები, რათა თქვენთან ერთად აღვნიშნო ჩვენს ქვეყნებს შორის დილოპმატიური ურთიერთობის 25 წლისთავი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა გაცილებით მეტ დროს ითვლის. ებრაელთა სათვისტომო საქართველოში უკვე საუკუნეებია არსებობს და ჩვენ ვამაყობთ ებრაელთა მიერ ქართულ და ქართველი ხალხის მიერ ებრაულ კულტურაში შეტანილი წვლილით.

ქართველ ებრაელთა სათვისტომო აქ და ისრაელში წარმოადგენს ხიდს ჩვენს ქვეყნებს შორის და თბილი მეგობრობის მაგალითს ჩვენს ხალხებს შორის. ჩვენ ასევე ვამაყობთ ქრისტიანული საზოგადოებით ისრაელში და ვიცით, რომ მრავალი ქართველისათვის იერუსალიმი მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენს. ისრაელის სახელმწიფო განაგრძობს წმინდა ქალაქის ღირშესანიშნავი ადგილებისა და ისრაელის ქრისტიანული საზოგადოების თავისუფლების დაცვას. 

ბატონო პრეზიდენტო, ჩემი ვიზიტის დროს მსურს მეტი შევიტყო თქვენი ქვეყნისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერება. 
ძლიერ ვაფასებ დღეს დილით გამართულ ჩვენს საუბარს და მოუთმენლად ველი შეხვედრებს თქვენი მთავრობისა და საზოგადოების ლიდერებთან. 


ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ისრაელისა და საქართველოს ხალხებმა მივაღწიეთ ძალიან ბევრს ერთად მუშაობით, მაგრამ მჯერა, რომ კიდევ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და ეს ჩვენი მოვალეობაა. 
გილოცავთ თქვენი ახალი მთავრობის ფორმირებას. მჯერა, რომ ეს დროის საქმეა, რომ ერთად შევკრიბოთ ჩვენი ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროების ხელმძღვანელები, რათა განვიხილოთ მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები მთელი რიგი მიმართულებებით და გავაძლიეროთ ხალხებს შორის კავშირი. 

სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ისრაელს შეუძლია მრავალი ახალი ტექნოლოგიის შეთავაზება, მოსავლის აღებისა და დაბინავების ხელშეწყობისათვის. მსურს ვიხილო მეტი დელეგაცია და თანამშრომლობის გაზიარება, განსაკუთრებით ამ მიმართულებით. 

ასევე, კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელშიც ჩვენ მზად ვართ მჭიდრო თანამშრომლობისათვის. ეს დღეს თითოეული ჩვენგანისათვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების დაცულობა და უსაფრთხოება.


ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თავისუფალ მსოფლიოსთან საერთო საფრთხეს ვიზიარებთ. ეს არის ფუნდამენტალიზმი. ეს საფრთხეები არის ჩვენს ქუჩებში, ჩვენი ქვეყნებისა და ქალაქების ქუჩებში. ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას; ვგმობთ სიძულვილის ნებისმიერ ფორმას და ჩვენ ერთობით ვდგავართ ამ საფრთხეების წინააღმდეგ. 

მსურს გადაგიხადოთ გულითადი მადლობა საერთაშორისო არენაზე ისრაელის გვერდით დგომისათვის.
გამოვხატავ მადლიერებას გასულ თვეს ისრაელში მომხდარი ხანძრისას თქვენს მიერ შემოთავაზებული დახმარებისათვის, ასევე, საქართველოში მომხდარი საზარელი ავტოავარიის შემდეგ, თქვენი და ქართველი ხალხის მიერ ისრაელის მოქალაქეებისათვის გამოხატული დახმარებისათვის. 

ჭირსა და ლხინში, გამოწვევების წინაშე, რომლებიც თავისთავად შესაძლებლობებსაც წარმოადგენენ, ისრაელი საქართველოს გვერდითაა. 

გმადლობთ! გმადლობთ, რომ თავს სახლში გვაგრძნობინებთ! დიდი მადლობა!" - აღნიშნა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა.