პოლიტიკა
ნინო კალანდაძე: ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას დატოვებენ
ნინო კალანდაძე: ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას დატოვებენ

ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობას დატოვებენ, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ნინო კალანდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების წასვლის შემდეგ გახდება ცნობილი ისინი პარტიას შექმნიან თუ არა.

„დადასტურებულად ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, უბრალოდ, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 12 იანვარს გაკეთდება განცხადება, რომ რამდენიმე დეპუტატი დატოვებს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ ლოგიკური ნაბიჯი იქნება, რომ ეს ადამიანები დატოვებენ პარტიას. ამის შემდეგ იქნება დამოუკიდებელ პარტიაზე საუბარი თუ არა, თავად გვაცნობენ“, - განაცხადა კალანადაძემ. 

როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, პარტიიდან წასულებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და სახელზე პრეტენზია შეუძლებელია ჰქონდეთ.

„სახელზე პრეტენზია ვერ ექნებათ მათ, ვინც ამ პარტიიდან მიდის. „ნაციონალური მოძრაობა“ დაუტოვებია არაერთ წევრს, მათ შორის მძიმეწონიან პოლიტიკოსებს, მაგალითად, კობა დავითაშვილს, ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ მათ არ მიჰყვება. რაც შეეხება ოფისებს, ვინც მიდის და პარტიას ტოვებს, მათ არაფერი მიაქვთ. 20 იანვრის ყრილობა დაგეგმილია და გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს მიღებული აქვს. შესაბამისად, მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. 20 იანვარს 7 000-კაციანი დელეგატების შემადგენლობა მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიის სამომავლო გეგმებზე დამოუკიდებლად იმისა, ვინ მიიღებს მონაწილეობას მოქმედი პოლიტსაბჭოდან“, - განაცხადა კალანდაძემ.