პოლიტიკა
თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე პარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაესვა
თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე პარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაესვა

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე შეხვდა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს აჰმეთ აიდინს და თურქეთის პარლამენტის (დიდი ეროვნული მეჯლისი) წარმომადგენლებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნეს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა. ამ მიმართულებით, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მიღებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.

ქართულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის  ორი ქვეყნის კანონმდებელთა აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის წარმატება.  აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისა და სამხრეთის დერეფნის ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის მნიშვნელობაზე.

თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მიმართ. 

შეხვედრის შემდგომ მინისტრმა თურქეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამეს თურქეთის პარლამენტის შენობის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ​