ak.ge
საზოგადოება
„ათასი რამის თქმა მინდა თქვენთვის და დიდი იმედი მაქვს, ჩვენთან რომ ჩამოხვალთ, მაშინ მოგიყვებით”- მორიგი წერილი გიორგი კეკელიძეს
„ათასი რამის თქმა მინდა თქვენთვის და დიდი იმედი მაქვს, ჩვენთან რომ ჩამოხვალთ, მაშინ მოგიყვებით”- მორიგი წერილი გიორგი კეკელიძეს

„გადავდებ სხვა ამბებს და აუცილებლად ჩამოვალთ იმ კვირაში. პატარა ბიბლიოთეკასაც მოგიწყობთ და ცხადია ჩემს უმნიშვნელო „თომას ზღაპრებსაც“ ჩამოგიტანთ“ - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მორიგ წერილს, რომელიც ამჯერად სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლისგან, ხატია შავაძისგან მიიღო.  გოგონამ ბიბლიოთეკის დირექტორს სოციალური ქსელით მიმართა და  მათთან სტუმრობა და სოფლის ბიბლიოთეკის წიგნებით მომარაგება სთხოვა.

„გამარჯობა ბატონო გიორგი,


გილოცავთ შობა-ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით! 


 დიდი ხანია ვფიქრობ, მომეწერა თქვენთვის... თავს ვიკავებდი... არ გამომდის ხოლმე ისე ლამაზად წერა, როგორც ამას თქვენ ახერხებთ.. 


ბევრი ფიქრის შემდგომ, ბოლოს მაინც გწერთ. ათასი რამის თქმა მინდა თქვენთვის, თუმცა ამჯერად ვეცდები, ცოტა რამ მაინც მოგწეროთ და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, ჩვენთან რომ ჩამოხვალთ,  მაშინ მოგიყვებით.


ვარ ეკომიგრანტი ზემო მთიანი აჭარიდან, ვსწავლობ სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლის XI -კლასში. მყავს ორი და და ორი ძმა. ჩემს სკოლაში ერთად ვსწავლობთ აჭარელი, სვანი და აზეირბაჯანელი ბავშვები, რომლებიც ვმეგობრობთ, ერთად, ჩვენი ძალებით, ვგეგმავთ და ვაკეთებთ ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებებს, თუმცა ხშირად პრობლემას გვიქმნის ჩვენთვის სასურველი სასწავლო ნივთების: რუკების, ბიბლიოთეკაში წიგნების სიმცირე. მე და ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ბედნიერები ვიქნებით თუკი შეძლებთ ჩვენთან, წინწყაროში ჩამოსვლას და ჩვენი ბიბლიოთეკის გამდიდრებას. 


გარდა იმისა,  რომ გაახარებთ ჩემს მეგობრებს, ვიცი,  ყველაზე მეტად გააბედნიერებთ ჩემს უფროს ძმას, მუხრანს, რომელსაც აქვს „დიუშენის „ დაავადება. მას ძალიან უყვარს კითხვა. ახალი წიგნები როცა გვექნება,  შევძლებ ყოველ საღამოს წავუკითხო ხოლმე. ავადმყოფობის გამო,  მას უჭირს დამოუკიდებლად კითხვა.


ჩემი პატარა ძამიკო მიშიკო სულ რაღაც 2 წლისაა და ვიცი,  თქვენი ,,თომას ზღაპრები“ არც მას დატოვებს გულგრილს .


მოკლედ, მგონია, რომ ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს,  ჩვენთან რომ ჩამოხვიდეთ..


გწერთ და მაქვს იმედი, რომ მალე პირადად გნახავთ...


კეთილი სურვილებით,


ხატია “- აღნიშნავს წერილის ავტორი.