პოლიტიკა
„ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის... თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო!“ - თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
„ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის... თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო!“ - თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თამაზ ელიზბარაშვილმა ძაღლების თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.  ამის შესახებ ბიზნესმენმა და თავშესაფრის დამფუძნებელმა პრაიმტაიმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გუშინ გავრცელებული ვიდეო და მისი მისამართით წამოსული ხალხის რისხვა გახდა.


„ეს მამაკაცი, ბადრი 18 წლის ასაკიდან ჩემთან მუშაობს. ახლა 53 წლის არის. მე ვამუშავებ, 1600 ლარს ვაძლევ ხელფასს. ორჯერ იწვა საავადმყოფოში. სასმლის მიმართ აქვს მიდრეკილება. ორჯერ ჩავუდგი ალკოჰოლის საწინააღმდეგო კაფსულა, მაგრამ მაინც არ უშველა...
 

იმ დღეს აღმაშენებლის ხეივნიდან შემოვიდა ზარი. ძაღლი ქუჩაში იყო ჯაჭვით დაბმული. მთხოვეს მიგვეხედა და თავშესაფარში გადაგვეყვანა. მოგეხსენებათ, მე ჩემი ნებით ჩემი ფინანსებით საქართველოს მასშტაბით ვეხმარები ტრავმირებულ ძაღლებს. მოვიდა სამაშველო ჯგუფი. მე პირველი მივედი იმ ადგილას. ბადრი იყო მთვრალი, არ ჰქონდა თან შესაბამისი აღჭურვილობა. როცა ძაღლი ასეთ მდგომარეობაშია, ორი დღე დაბმული, მშიერი, აგრესიულია და საშიში. ამ დროს ნასვამი ადამიანი ძაღლზე ცუდად მოქმედებს, ორმაგად აგრესიული ხდება. ვინც ძაღლი არ იცის, ამას ვერ მიხვდება. სამუშაო საათებში თანამშრომელი მთვრალი მოვიდა. ვუთხარი, შენმა ამ საქციელმა შეიძლება სერიოზული ტრავმა მოგვაყენოს მეც და ქეთისაც. მან საფრთხეში ჩააგდო ჩვენი სიცოცხლე, მოუმზადებელი მოვიდა და ნასვამი იჯდა საჭესთანაც. ამ შემთხვევაში რა უნდა გამეკეთებინა, მადლობა გამომეცხადებინა თუ პატრულისთვის დამერეკა და დამეჯარიმებინა ჩემი თანამშრომელი?!“- აღნიშნა ელიზბარაშვილმა პრაიმტაიმთან ინტერვიუში.

ბიზნესმენის თქმით, ვითარებიდან გამომდინარე, თანამშრომლის მიმართ მისი ასეთი მოპყრობა გადამეტებული არ იყო.

„გადამეტებული კი არა, მე უფრო კარგი გადაწყვეტილება მივიღე. დავხურე თავშესაფარი. ეს ქალაქი არ არის ღირსი ჩემნაირი ადამიანის. 40-50 ათასი ლარი მიჯდება ყოველთვე ამ თევშასაფრის შენახვა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ორჯერ ავაშენე თავშესაფარი. მეორედ სტიქიის შემდეგ. რამდენი სიკეთე მაქვს გაკეთებული. დავიღალე, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ არის ღირსი იმისა, რომ აკეთო ქველმოქმედება. ამიტომ, თავში ქვა გიხლიათ, ჩემო კარგებო. ახლა თქვენ გააკეთეთ. მე ჩემს შვილებსა და ჩემს ოჯახს ვაკლებდი, ვინმე კი არ მიხდიდა ფულს.

დღეიდან მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ლოთის გამო, რომელიც, თავის დროზე შემეცოდა და სამსახურიდან არ გავაგდე, ამხელა ამბავი ამიტეხეს! თქვენ რისი ღირსები ხართ?! საზოგადოებას მივმართავ, ხართ, ღირსი ჩემნაირი ადამიანის?!...

ხოდა, რადგანაც თქვენმა მკითხველმა და ყველამ მაგინა, მივიღე გადაწყვეტილება, თავში ქვა გიხლიათ! რადგანაც ამ ქვეყანაში ბოროტება ბოგინებს და სიკეთის დანახვა არავის არ უნდა, სულ კარგად იყავით. მშვიდობით, თქვენი თამაზ ელიზბარაშვილი.“- აღნიშნა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება თავშესაფარში არსებული ძაღლების ბედს, თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მათ ან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიხედავს, ან ყველას ქუჩაში გაუშვებს.

„არსებობს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო სტრუქტურაა, მერიის სამსახური. თუ წაიყვანენ, წაიყვანენ, თუ არა და გავუშვებ ისევ ქუჩაში. ყველა ძაღლი რომელიც ჩემს თავშესაფარში ბინადრობს ქუჩის ძაღლია, რომლებსაც მანქანა დაეჯახა. ზოგს ხერხემალი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს - ფეხი, ზოგს - კისერი. ჩემი ხარჯით ვუმკურნალე, დავაყენე ფეხზე და გავუშვებ ისევ. 350 ძაღლია, ცოტა კი არ არის. რა გავაკეთო, სხვა გამოსავალი არ მაქვს.“- განაცხადა ელიზბარაშვილმა ინტერვიუში.