მსოფლიო   NEWS
„ასადის რეჟიმი და თავად ასადი მსოფლიოს რუკიდან გაქრებიან, თუკი ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდებიან" - ისრაელის თავდაცვის სამინისტრო
„ასადის რეჟიმი და თავად ასადი მსოფლიოს რუკიდან გაქრებიან, თუკი ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდებიან" - ისრაელის თავდაცვის სამინისტრო

„ასადის რეჟიმი და თავად ასადი მსოფლიოს რუკიდან გაქრებიან, თუკი ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდებიან" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა გამოცემა Jerusalem Post -სთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. 

ისრაელის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებული ეს მკაფიო მესიჯი პასუხია ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის განცხადების, რომელიც მან ისრაელის მიერ სირიაში საჰაერო ბაზის დაბომბვის შემდეგ გააკეთა, რასაც 7 ირანელი სამხედრო მრჩევლის დაღუპვა მოყვა.   

„უპასუოდ არ დარჩება" - სწორედ ამ შინაარსის მუქარა გააჟღერა ირანის აიათოლამ. 

ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით კი, ნებისმიერ ქმედებაზე, რომელსაც ირანი ისრაელის წინააღმდეგ სირიის ტერიტორიიდან განხორციელებს, პასუხს ბაშარ ასადი აგებს. 

„ასადის რეჟიმი და თავად ასადი მსოფლიოს რუკიდან გაქრებიან, თუ ირანელები სირიის ტერიტორიიდან ისრაელისა და მისი ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას შეეცდებიან. ვურჩევთ ირანს, არ განახორციელოს ისრაელის წინააღმდეგ არანაირი მოქმედება, რადგან ისრაელი ამ საკითხს ბოლომდე მიიყვანს. " - განაცხადა ისრაელის თავდაცვის  სამინისტროს მაღალჩინოსანმა. 

ამასთან, გუშინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ირანმა სირიაში მუდმივი სამხედრო ბაზა შექმნას. 

“რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, არ დავუშვებთ, რომ ირანს სირიაში მუდმივი სამხედრო ბაზა ჰქონდეს. ჩვენ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს" - განაცხადა ლიბერმანმა.