საზოგადოება
მარიამ ჯაში: „საბჭოთა ხელისუფლებაც კი ვერ აღუდგა ჩვენი ერის ნებას, რომ შეგვენარჩუნებინა ქართული ენა“
მარიამ ჯაში: „საბჭოთა ხელისუფლებაც კი ვერ აღუდგა ჩვენი ერის ნებას, რომ შეგვენარჩუნებინა ქართული ენა“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, დღეს პარლამენტში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ გაიხსნა.  ღონისძიებას პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ფერეიდნიდან და თურქეთიდან ეთნიკური ქართველები, საჯარო და კერძო სექტორიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

სტუმრებმა დაათვალიერეს 1978 წლის მოვლენების ამსახველი საარქივო მასალა, ტარას არქიმანდრიტის ნახატები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა გოგებაშვილისეული დედა ენის ანბანი, ოთარ ქანდარიას მიერ ქართული ანბანის ასო-ბგერებზე შექმნილი ორნამენტულ-დეკორატიული ნამუშევრები, ექსპოზიცია „ქართულისა და საქართველოს დარაჯი“, რომელიც  იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივის ორიგინალებს მოიცავს.

დამსწრე საზოგადოება გაეცნო 1978 წლის 14 აპრილის ქრონოლოგიას, გამოხმაურებას საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესაში, ქართული ენის შენარჩუნებისა და სწავლების საკითხს ფერეიდანსა და თურქეთში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  ქართული ანბანის სამი სახეობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

სტუმრებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიესალმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ იმ უდიდესი სახალხო მოძრაობის იუბილეს, რომელმაც 40 წლის წინ შეგვანარჩუნებინა ქართული როგორც სახელმწიფო ენა.  40 წლის წინ რუსთაველის გამზირზე 100 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი, როდესაც ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი პირველად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.  ენის დასაცავადაც ისტორიული საპროტესტო აქციის გადამწყვეტი ეტაპი სწორედ დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. საბჭოთა ხელისუფლებაც კი ვერ აღუდგა ჩვენი ერის ნებას, რომ შეგვენარჩუნებინა ქართული ენა“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან  ბოლო წლებში სახელმწიფო ენის დასაცავად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. „2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ,,დედაენას“ - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს - მიანიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ხოლო 2014 წელს - საქართველოს მთავრობამ  ,,დედაენას“ განუსაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კატეგორია. განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სახელმწიფო ენის შესახებ კანონი, რომლის საფუძველზე სულ რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. განათლების სამინისტრომ უკვე დანერგა ჩვენი დიასპორის შვილებისთვის ქართული ენის სწავლების დისტანციური მეთოდი“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა  იმ ღონისძიებებზე, რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი და რომელიც ენის დაცულობას უზრუნველყოფს. „სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად გაძლიერდეს ქართული ენის დაცულობა საჯარო და სარეკლამო სივრცეში. კერძოდ, გამკაცრდება სანქციები არაქართულოენოვან წარწერებზე. გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე მოქმედი ქართული ენის კორპუსი კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. დაბოლოს, კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაიცავს „დედაენას“ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დედა ენის დღე მოწვეულ სტუმრებს  კომიტეტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ მიულოცა.  მან ქართული ენის უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება. „ქართულ ენაში არ არსებობს დიდი და პატარა ასო.  ყველა ასოს თანასწორი უფლება აქვს. ქართულ ენაში ყველა ბგერა როგორც იწერება, ისე წარმოითქმის. არ არსებობს ბგერა, რომელიც არ წარმოითქმის, ე.ი. ენის მიხედვით თანასწორებიც ვართ და უფლებებიც ერთნაირი გვაქვს. ქართული ენა არ ყოფს მამაკაცს და ქალს, ქართული ენისთვის ადამიანია უმთავრესი. ე. ი. ემანსიპაციაშიც ჩვენ არაფერი გვესწავლება“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ. 

სტუმრებს მიესალმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი. მან დეპარტამენტის ამოცანებსა და საზოგადოების როლზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუფრთხილდეთ  არა მხოლოდ ქართულ ენას, არამედ აფხაზურ ენასაც, ასევე,  ყველა იმ დიასპორის კულტურას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ეს ჩვენი ვალდებულებაა.“, - განაცხადა გია ალიბეგაშვილმა. 

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს 40 წელი უსრულდება. ამ დღეს თბილისში გამართულმა გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ შეუნარჩუნა ქართული ენას სახელმწიფო ენის სტატუსი და ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით იგეგმება ღონისძიებების კვირეული, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიხსნა და 14 აპრილამდე გაგრძელდება.