პოლიტიკა
Freedom House-ის ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება
Freedom House-ის ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ამის შესახებ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, დოკუმენტის ავტორთა განცხადებით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობა 4,25 ქულით არის შეფასებული, რაც 2016 წლის შედეგთან შედარებით 0,25-ით ნაკლებია.

„დამოუკიდებელი მედიის კუთხით, საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია, ამის მიზეზი არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სავარაუდო პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა, განგრძობადი ზეწოლა კრიტიკულ სატელევიზო არხ „რუსთავი 2“-ზე და პროსამთავრობო კერძო ტელეკომპანიების მფლობელთა კონსოლიდაცია“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში მედიაგარემო დიდწილად პლურალისტული და კრიტიკულია, ხოლო საკანონმდებლო ჩარჩო გამოხატვის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

თუმცა, როგორც დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, 2017 წელი ოთხი ნეგატიური ტენდენცია გამოიკვეთა.

„2017 წელს ოთხმა ნეგატიურმა ტენდენციამ მედიის დამოუკიდებლობის შესახებ შეშფოთება გამოიწვია. მათ შორისაა მიმდინარე დავა კრიტიკული მედიაკომპანია „რუსთავის 2“-ის მფლობელობის შესახებ. სამი პროსამთავრობო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გაერთიანება, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მმართველების პირობებში ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკაში და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგანმუხთარლის სასამართლოს სანქციის გარეშე გატაცება“, – ნათქვამია ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაუწყებელში განხორციელებულ ცვლილებებს ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი, სადაც ნათქვამია, რომ იანვარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად არჩეული ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკურ ნეიტრალურობასათანდაკავშირებით კითხვები არსებობს.

„იანვარში გადადგმული იყო სადავო ნაბიჯი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ის წარსულში მუშაობდა „მეცხრე არხსა“ და ტელეკომპანია GDS-ში. ორივე არხის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო, რამაც გააჩინა კითხვები მისი ფიგურის პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ. მაღლაფერიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში დახურეს ის პროგრამები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებდნენ, ასევე დახურეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება იმავე ქულებით არის შეფასებული, როგორც 2009, 2010, 2011, 2012 წლებში. ორგანიზაციის შეფასებით, შედარებით გაუმჯობესებული იყო მედიაგარემო 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში. ამ დროს საქართველოს რეიტინგში 4,00 ქულა აქვს მინიჭებული.