პოლიტიკა
ტელეკომპანია „იმედი“ Freedom House-ის ბოლო ანგარიშს ეხმაურება
ტელეკომპანია „იმედი“  Freedom House-ის ბოლო ანგარიშს ეხმაურება

ტელეკომპანია „იმედი“  Freedom House-ის ბოლო ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში მედიის თავისუფლების სფეროში ტენდენციის გაუარესების შესახებ წერს. აღნიშნულთან დაკავშირებით, „იმედი“ განცხდებას ავრცელებს.

„2012 წლამდე, ანუ ხელისუფლების შეცვლამდე, ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „იმედი“ მმართველი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მათ სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვალეს“ - ციტატის დასასრული.

გამაოგნებელია მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის მხრიდან ასეთი მცდარი ინფორმაციის გავრცელება. Freedom House-ს შევახსენებთ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ბოლომდე „იმედს“ არა თუ აკონტროლებდა მართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და ის არ იყო კრიტიკული ამ პარტიის მიმართ, არამედ ტელეკომპანია უშუალოდ ამ პარტიის საკუთრებაში იყო, რომლის ხელში ჩაგდებასაც წინ უძღოდა არხზე შეირაღებული თავდასხმა და  ფიზიკური ტერორორი ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ. 

სინანულს გამოვხატავთ იმ ფაქტის გამო, რომ ტელეკომპანია „იმედის“, როგორც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის და „მაესტროს“ მუშაობა, რომელიც 24-საათიან საინფორმაციო არხად ჩამოვაყალიბეთ, არათუ არასათანადოდაა შეფასებული, არამედ მეტიც, ანგარიშში ნათქვამია თითქოს ჩვენ არ ვართ კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, დიახ, ჩვენ არ ვართ პარტიულ/ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ ვაშუქებთ მოვლენებს მხოლოდ ფაქტების შესაბამისად და ვუთმობთ ტრიბუნას ყველას ვინც ამ მოვლენებში მონაწილეობს. სწორედ ამ გზით გავზარდეთ დღითიდღე მაყურებელთა ნდობა ჩვენ მიმართ, რაც არხის ჟურნალისტების და პროდუსერების ძალისხმევის შედეგია და სწორედ ამიტომ არის დღეს „იმედი“ და მისი პროდუქცია ყველაზე რეიტინგული ქართულ მედია ბაზარზე.   
 
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც Freedom House-ია გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს, რომლებიც მას კვალიფიციური ანგარიშის შედგენაში დაეხმარებიან და ეს ანგარიში სწორ და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ასახავს საქართველოში მედია თავისუფლების ხარისხსა და ტენდენციებს, რითაც Freedom House-ი დარჩება მედიის თავისუფლების სადარაჯოზე, რაც საქართველოს სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით, ესოდენ მნიშვნელოვანია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისათვის” - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

11 აპრილს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა ახალი „თავისუფლების ინდექსი“ გამოაქვეყნა.