პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით

„არის უამრავი დეპუტატი, ასზე მეტი დეპუტატი და უფრო მეტიც, რომელიც სწორად აკვირდება და აფასებს მოვლენებს. არის კიდევ ერთხელ, გარკვეული შეცდომები, თუმცა რესურსი არსებობს იმისათვის, რომ ამ ადამიანებთანაც დალაგდეს ურთიერთობები. ამას ექნება, ბუნებრივია, შესაბამისი წინაპირობები“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მუშაობას განაგრძობს და უამრავი საქმე აქვს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში, რომელსაც, ირაკლი კობახიძის თქმით, ამბიციური გეგები აქვს.

„ ყველას მოვუწოდებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. „ქართული ოცნება“ განაგრძობს მუშაობას მთელი შემართებით. ჩვენ არ გვცალია ნამდვილად. არ უნდა გვეცალოს ყოველ შემთხვევაში, არცერთ ჩვენგანს იმისათვის, რომ ასეთი დაპირისპირების ნიშნები გავაჩინოთ. ჩვენ გვაქვს უამრავი საქმე. მათ შორის საქართველოს პარლამენტში. პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს არის დაკავშირებული პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმასთან, ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ უნდა გაძლიერდეს პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქციები, ზედამხედველობის ფუნქციები. ახალი რეგლამენტია მოსამზადებელი და უკვე განხილვის პროცესშია ეს ყველაფერი, არის უამრავი, ძალიან ამბიციური ამოცანა, გეგმა და ეს უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგი და არა ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ გარკვეული დეპუტატების მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, სულისკვეთებაა, რომ თანამშრომლობა თითოეულ დეპუტატთან გაგრძელდეს.

„პირობები გვექნება ჩვენ, როდესაც განვაახლებთ მსჯელობას ამ ადამიანებთან. ასეთი პირობების საფუძველზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა თითოულ დეპუტატთან. პირობები იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა, ჩვენი სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყველა დეპუტატთან უმრავლესობაში. პირობებს რაც შეეხება, მარტივია. დაირღვა დისციპლინა, მაგალითად, შეურაცხყოფის მიყენება თანაგუნდელისთვის არის ერთ-ერთი გამოვლინება დისციპლინის დარღვევის და ამ შემთხვევაში, ეს უნდა განხილულ იქნეს და უნდა შეფასდეს. თუ დეპუტატი პირობებზე არ მოდის, ამ შემთხვევაში გაგრძელდება შესაბამისი პროცესები. ჩვენ გვქონდა ცნობილი შეხვედრა, სადაც შევთანხმდით იმაზე, რომ გაიწერება კონკრეტული წესები და ამ წესებთან მიმართებით გვექნება შესაბამისი რეაგირების მექანიზმებიც. ასეთი წესები არსებობს ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში. იმისათვის, რომ დისციპლინა იყოს დაცული, ბუნებრივია, საჭიროა, როგორც დაუწერელი, ასევე დაწერილი წესების არსებობა. ეს წესები შემუშავდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და ვიმოქმედებთ ამ წესების შესაბამისად, რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.