მსოფლიო   NEWS
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: სირიაში ქიმიური ნივთიერებით 500-მდე ადამიანი მოიწამლა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: სირიაში ქიმიური ნივთიერებით 500-მდე ადამიანი მოიწამლა

სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს განხორციელებულ იერიშს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 43 ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების გამო დაიღუპა.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქალაქ დუმას 500-მდე მცხოვრებს ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება, როგორიცაა: რესპირატორული უკმარისობა, ლორწოვანი გარსის მწვავე გაღიზიანება და ცენტრალრი ნერვული სისტემის დარღვევები.

გაეროს უშიშროების სხდომაზე  აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ, თუ რა ფორმით და ვის მიერ უნდა მოხდეს სირიაში მომხდარი ტერაქტის გამოძიება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის Twitter-ის გვერდზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში უშუალოდ სირიის მთავრობას  ადანაშაულებს  და მასთან ერთად პასუხისმგებობას აკისრებს პრეზიდენტ პუტინს, რუსეთსა და ირანს. ასადის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი რუსეთი  კი ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფენ.

ტერაქტი დონალდ ტრამპთან ერთად დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებმაც დაგმეს.  აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთი გააფრთხილა,  რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია.