ეკონომიკა
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ამერიკული ორგანიზაციების წრამომადგენლები ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებენ
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  და  ამერიკული ორგანიზაციების წრამომადგენლები ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებენ

16 აპრილს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  ელიზაბეტ რუდი, USAID-ის, „ათასწლეულის გამოწვევის“ და „მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოებს მოინახულებს. ამერიკული მისიების წარმომადგენლებს ანაკლიაში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი უმასპინძლებენ.

ვიზიტის მიზანი ორი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური პარტნიორობის პროექტის სამშენებლო სამუშაოების მონახულება და მხარეებს შორის ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების განხილვაა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს, რომელშიც ორი მსხივლი ამერიკული კორპორაცია მონაწილეობს. „კონტი ინტერნეიშენალთან“ ერთად, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელია, ანაკლიის პორტს 2017 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტერმინალ-ოპერატორი, ამერიკული SSA Marine-ი შემოუერთდა. SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი და ინვესტორია. SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“  შორის ხელმოწერა 2017 წელს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამერიკისა და საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად დაასახელა.

ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის ადრეული სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს. 2018 წლის ზაფხულში პორტის ტერიტორიის დაღრმავება და რეკლამაცია დაიწყება.  ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლისთვის იგეგმება.

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობაც, რომლის ქალაქგეგმარებითი კომპანია წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ (BuroHappold Engineering) 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა წარმოადგინოს. „ანაკლია სითიმ“ თანამშრომლობა და პარტნიორობა დაიწყო მსოფლიოს წამყვან ეკონომიკურ ზონებთან, ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან.