პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საჯარო ლექციების ციკლს იწყებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საჯარო ლექციების ციკლს იწყებს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების ციკლს იწყებს.

13 აპრილს 18:00 სთ-ზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართება საჯარო ლექცია თემატიკაზე - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ლექციას წაიკითხავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.

ოთარ ჯანელიძე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას მე-19 საუკუნიდან 1918 წლის 26 მაისამდე, საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენამდე.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდება უშუალოდ დამოუკიდებლობის წინა პერიოდზე, კერძოდ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ძალისხმევაზე საქართველოს ეროვნული თავისუფლებისათვის პირველი მსოფლიო ომის წლებში. ოთარ ჯანელიძე ასევე ვრცლად ისაუბრებს 1918 წლის მაისში ბათუმში გამართული ამიერკავკასია-ოსმალეთის სამშვიდობო კონფერენციაზე, სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა გერმანიის სამთავრობო დელეგაციისაგან მიიღეს მხარდაჭერის პირობა თუ ისინი სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი ოთარ ჯანელიძის კვლევის ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის საკითხები, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციისა და საგარეო პოლიტიკის პრობლემები. ის გახლავთ 120-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მრავალი ისტორიული ნაშრომის ავტორი. 

საიუბილეო თარიღის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ქვეყნის მასშტაბით შემეცნებითი, კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების ჩატარებაში.  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით,  საგარეო უწყების ორგანიზებით, დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკაზე დაგეგმილია საჯარო ლექციების, ისტორიული ფოტო გამოფენების, ღია კარის დღეებისა და სტუდენტური შეჯიბრების  ჩატარება.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ და სოციალური ქსელების გვერდებზე.