ეკონომიკა
“Alibaba Group“-ის შვილობილ კომპანიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
“Alibaba Group“-ის შვილობილ კომპანიასთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მისმა სსიპ-მა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის “Alibaba"-ს შვილობილმა კომპანიამ „Fliggy Corporate“  გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. დოკუმენტზე ხელმოწერა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს “Alibaba"-ს ტურისტულ პლატფორმას. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მოაწერა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს დამატებას მათ პლატფორმაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას. „აღნიშნული პორტალის მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტია 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც, ტრადიციულად, აქტიურად მოგზაურობენ და ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმი იქნება საწინდარი იმისა, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადების იქნას შემოყვანილი საქართველოში ამ პლატფორმის მეშვეობით“, - განაცხადა გიორგი ჩერზიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.