პოლიტიკა
ირმა ქავთარაძე: „ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომ რამდენიმე წელიწადში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის სავალდებულო გახდეს“
ირმა ქავთარაძე: „ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომ რამდენიმე წელიწადში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის სავალდებულო გახდეს“

„ენერგოეფექტურობა მშენებლობაში“ – ამ სახელწოდების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა დღეს ტექნოპარკში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ღონისძიება გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ. მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა დანიელ ჰაასმა და გერმანია-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე, სამომავლო მხარდაჭერის მზაობაზე ისაუბრა. პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ GIZ-ის რეგიონული ოფისის დირექტორი როლანდ შტოიერი და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ხელმძღვანელი კლაუს ვაიგელი.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოს მთავრობის მიზანია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ეს პოლიტიკა ხორციელდება მწვანე ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად და

ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს. სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში, თუმცა, ის ვერ ახერხებს თავისი ენერგოეფექტურობის პოტენციალის სრულად რეალიზებას, რისი მიღწევაც ქვეყანაში შესაბამისი ცოდნისა და ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვით არის შესაძლებელი.

სწორედ ამ მიზნით, ქართველი და გერმანელი ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნა სახელმძღვანელო „ენერგოეფექტურობა მშენებლობაში,“ რომელიც GIZ პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, მდგრადი ენერგიისა და გარემოს ექსპერტთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობის შედეგად საქართველომ იკისრა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის არის ენერგოეფექტურობის დირექტივებთან შესაბამისი კანონმდებლობის დაახლოვება. ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ეძღვნება შენობებში ენერგოეფექტურობის საკითხებს. ამ კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში სავალდებულო გახდება ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გაცემა ყველა ახალი შენობისთვის, აგრეთვე ისეთი შენობებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება“ - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ირმა ქავთარაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება როგორც დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიებში, ასევე მოსახლეობაში და ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ქმედით ღონისძიებებს ატარებს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ GIZ-თან და გერმანიის საელჩოსთან, რისთვისაც მათ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის გადმოცემული ის მოთხოვნები, რაც უნდა შესრულდეს შენობის ენერგოეფექტურობისთვის - საუბარია როგორც შენობებზე, ასევე გათბობა-კონდიცირების სისტემებზე“ - აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ეს წიგნი დაეხმარება საქართველოში მცხოვრებ სპეციალისტებს, კომპანიებს, ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს და ზოგადად მოსახლეობას იმისთვის, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო დანიშნულების შენობები გახდეს ენერგოეფექტური და ამ მხრივ ხელი შეეწყოს ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯების დაზოგვას.

ტექნოპარკში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში სახელმძღვანელოს ავტორებმა ძირითად საკითხებზე და მსოფლიოში პროგრესირებადი კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ სხვადასხვა საფრთხეებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ენერგოდაზოგვა, როგორც გლობალური ძალისხმევის ნაწილი და მისი როლი მდგრად მშენებლობაში. პრეზენტაციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორის განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.