სპორტი
მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოადგილეებთან კახი კანდელაკთან, შალვა გოგოლაძესთან, გიორგი ბაქრაძესთან და მუხრან შამათავასთან  ერთად, საქართველოს ძალოსნობის, ძიუდოს, კრივისა და რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. 

მინისტრთან შეხვედრას, რომელიც  „ღვინის ქარხანა N1“ -ში გაიმართა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი,  სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები - ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, მწვრთნელები და ჟურნალისტები დაესწრნენ. 

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს 3X3 კალათბურთის წევრებიც, რომლებმაც 2018 წლის ახლგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება შეძლეს. შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენთა ფოტო-გამოფენით გაიხსნა, ასევე მიმდინარე შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების წევრებმა რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უპრეცედენტო შედეგი აჩვენეს. ევროპის ჩემპიონები ორჭიდში ლაშა ტალახაძე (+105 კგ), შოთა მიშველიძე (62 კგ), რევაზ დავითაძე (85 კგ) და ანასტასია გოტფრიდი ( 90 კგ) გახდნენ, ჯამში საქართველოს ნაკრების წევრებმა მცირე მედლების ჩათვლით15 მედლის მოპოვება შეძლეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. 

ასევე ისტორიაში პირველად, ევროპის 22-წლამდელთა ჩემპიონატზე კრივში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა 4 მედალი  - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აიღეს. ევროპის ჩემპიონობა ლაშა გურულმა (64 კგ) მოიპოვა, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი სახილ ალახვერდოვი (49 კგ), გიორგი ხარაბაძე (75 კგ) და ოთარ ნავერიანი (60 კგ) გახდნენ. 

ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა. პოლონეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე,  უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ¼ ფინალში ჰოლანდიას, ხოლო ½ ფინალში პორტუგალიას სძლიეს, ფინალში კი საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრები 8:3 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ოთხივე შემთხვევაში საფრანგეთს შეხვდა, წინა 3 შეხვედრაში ფრანგებმა იმარჯვეს, ამჯერად კი საქართველომ ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

წარმატებული გამოდგა თბილისისა და ანტალიას გრან პრის ტურნირები საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებისთვის. ქართველმა ძიუდოისტებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე ჯამში 17 მედლის მოპოვება (6 ოქრო, 4 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)  შეძლეს. ამჯერად, ეროვნული ნაკრები 26-28 აპრილს ისრაელში, თელავივში  გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და დასკვნით შეკრებას უძლიერესი შემადგენლობით თურქეთში გადის.  

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მოპოვებული გამარჯვებები საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება. 

სინქრონები

1) მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი)
2) ლერი ხაბელოვი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი)
3) დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი)
4) ლაშა ტალახაძე (ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში)
5) იოანე იაშაღაშვილი (18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების ვიცე-კაპიტანი)