მსოფლიო   NEWS
ერევანში აქცია მიმდინარეობს
ერევანში აქცია მიმდინარეობს

სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების პროცესის პარალელურად, ერევნის ცენტრში აქცია მიმდინარეობს. ოპოზიური ფრაქცია „ელქის“  ლიდერი  ნიკოლ  პაშინიანი  მოსახლეობას აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

დღეს ოპოზიციის მომხრეებს პარლამენტთან მასშტაბური აქცია აქვთ დაგეგმილი.

ბაგრამიანის მოედნის ყველა შესასვლელი რკინის კონსტრუქციებით და სკამებით არის გადაკეტილი. აქ უკვე გამოჩნდნენ სპეცრაზმის წარმომადგენლები.

ოპოზიური ფრაქცია „ელქის“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, მომიტინგეები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას აგრძელებენ, რათა პარლამენტმა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევა ვერ მოახერხოს.

აქციის მონაწილეების მიზანია, ექსპრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ სერჟ სარგსიანს სომხეთის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ.

გუშინდელ აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა აქციის 2 მონაწილე. პოლიციამ მოედანზე მავთულხლართები დაამონტაჟა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა.

13 აპრილს ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ორგანიზებით, ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. პაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა დილით არის დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

სომხეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის პროცესს ასრულებს. გასულ ორშაბათს უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელმაც კანონის თანახმად, მთავრობა დაითხოვა.