მსოფლიო   NEWS
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირე რუსეთთან თანამშრომლობას, მეგობრულ ურთიერთობებს ირანთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან და ჩინეთთან“ - სერჟ სარგსიანი
„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირე რუსეთთან თანამშრომლობას, მეგობრულ ურთიერთობებს ირანთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან და ჩინეთთან“ - სერჟ სარგსიანი

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მოკავშირე რუსეთთან თანამშრომლობას, მეგობრულ ურთიერთობებს ირანთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან და ჩინეთთან“ - ამის შესახებ სომხეთის პრემიერობის კანდიდატმა სერჟ სარგსიანმა პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოება კვლავ მთავრობის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება, კერძოდ ჯარის გაძლიერება, ასევე დემოკრატიის განვითარება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას, მეგობრულ ურთიერთობებს ირანთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან და ჩინეთთან. ამ ქვეყნებს რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. ჩვენი საერთო იდეოლოგიაა, მივიღოთ სარგებელი თანამშრომლობის გზით და არა სხვა ქვეყნების კონფლიქტებიდან. რეგიონში ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, თუ რამდენად საშიშია სხვა სახელმწიფოების დაპირისპირებით თამაში. ჩვენ ყველაფერი დივერსიფიცირებული გვაქვს და ვეცდებით, შევინარჩუნოთ ეს ბალანსი“ – განაცხადა სარგსიანმა.

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დღეს კენჭს უყრიან.

2015 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. 9 აპრილს სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის ინაუგურაცია ჩატარდა. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც არა მოსახლეობამ, არამედ ქვეყნის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ აირჩია. ინაუგურაციის შემდეგ, მალევე სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინა.

სერჟ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტი თანამდებობას 2008-2018 წლებში იკავებდა. მანამდე ის ერთი წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობის მეთაური იყო, იკავებდა ასევე თავდაცვის მინისტრის პოსტს (2000-2007).

სერჟ სარგსიანის კანდიდატურის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ.