პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გამართული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
მიხეილ ჯანელიძემ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გამართული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიის მაღალი რანგის სასულიერო პირებისთვის გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საგარო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა და რელიგიური ლიდერების მხრიდან, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ  ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოების კონსოლიდაციასა და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას.

საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების ჩართულობით ბოლო წლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე.  კერძოდ, ისაუბრა ბრიუსელში საპატრიარქო დელეგაციისა და აშშ-ში ინტერ-რელიგიური დელეგაციის ვიზიტებზე, რომელთაც დიდი ინტერესი გამოიწვიეს როგორც საქართველოსთვის, ასევე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

“კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრეთ იმ ერთობლივ პროექტებზე რომლებიც უკვე განხორციელდა, მათ შორის აღვნიშნეთ ვიზიტები ბრიუსელში, ვაშინგტონში. ასევე განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას,  მეტ ინფორმირებულობას, როგორც ინტერ-რელიგიურ ფორმატში მეტ დისკუსიას, ასევე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებას, რადგანაც ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ეს არის გაცნობიერებული და ინფორმირებული არჩევანი. ჩვენი მიზანია, რომ  საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფომრაცია, თუ რა მიზნებს ემსახურება საქათველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი  ”.- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარსდგნენ ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის  აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.

კონფერენცია კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებისა და პროგრამების შესახებ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელების ინფორმირება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.   აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა დასკვნით ეტაპს პროექტისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ლიდერებს შესაძლებლობა მიეცათ ემოგზაურათ აშშ-ში და  შეხვედროდნენ პოლიტიკური, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ინტერ-რელიგიურ კონფერენციაში "დემოკრატია და რელიგია".

აღნიშნული პროექტი განხორციელდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ, საქართველოს საელჩო აშშ-ში, NED, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და USAID.