სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 23 აპრილს თბილისში, ი.ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით, თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს.

სამართალდამცველებმა ა.ტ. და გ.შ. კახეთის გზატკეცილზე დააკავეს. გ.შ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნაყაჩაღარი ნივთები: თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, მის სახელზე რეგისტრირებული ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის მუხლის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.