პოლიტიკა
„აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა“ - სოფიო კილაძე
„აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა“ - სოფიო კილაძე

„აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა“ - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. 

„მე როგორც მართლმადიდებელი, ამ მიმართულებითაც ვამახვილებ ყურადღებას. აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ძალიან ბევრი სარწმუნოება გვერდიგვერდ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით თანაარსებობდნენ. ამის უამრავი მაგალითია ჩვენი განვლილი ისტორიის მანძილზე. არ რჩება ადგილი და დაუშვებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ისეთ საკითხთან დაკავშირებით რასაც ჰქვია რელიგია. მე მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, - განაცხადა კილაძემ. 

საკანონმდებლო ინიციატივა “სისხლის სამართლის კოდექსისთვის“ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე სპეციალური მუხლის დამატებას ითვალისწინებს. პარლამენტის მიერ კანონპროექტის გაზიარების შემთხვევაში, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას - დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ერთ წლამდე.

პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე.