პოლიტიკა
„ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მკვლელობას დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ” - ნათია მეზვრიშვილი
„ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მკვლელობას დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ” - ნათია მეზვრიშვილი

„ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, მკვლელობას დაფარავენ, მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ” - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკამ გამოავლინა, რომ ბოლო პერიოდში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის შემთხვევები დაფიქსირდა.

„პრაქტიკაში იყო ისეთი შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა, რომელთაც ვალდებულება ეკისრებათ, პოლიციას დანაშაულის შესახებ შეატყობინონ და დანაშაული არ დაფარონ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშუალები დაფარეს. ამგვარი დანაშაულის მიმართ დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ ლმობიერია, შესაბამისად, სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვედით.

თუ დღეს მოქმედ კანონსა და ცვლილებებს ერთმანეთს შევადარებთ, გეტყვით, რომ დღევანდელი კანონმდებლობა მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის შეუტყონებლობისთვის საკმაოდ დაბალ და ერთსა და იმავე სანქციას ითვალისწინებს. ცვლილებებით კი დანაშაულის დიფერენცირება დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ხდება და იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს – მკვლელობას დაფარავენ, საკმაოდ მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მათ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ, რადგან პროექტი ალტერნატიულ სასჯელს არ ითვალისწინებს. ეს
საზოგადოების მიმართ ერთგვარი მესიჯია, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული” – განაცხადა მეზვრიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

პროექტით, ცრუ ინფორმაციაზე, ცრუ ჩვენებაზე, ყალბ დასკვნაზე, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობასა და არასწორ თარგმანზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება.