პოლიტიკა
„ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს“ - გიორგი კვირიკაშვილი
„ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს“ - გიორგი კვირიკაშვილი

„ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ და დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს“ - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერმა განაცხადა, რომ დევნილი მოსახლეობისთვის აშენდა სახლები, თუმცა არც ერთი კეთილმოწყობილი ბინა არ შეიძლება იყოს იმ კერის ალტერნატივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა დატოვეს.

„ჩვენ ვაშენებთ სახლებს ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ოცნებაა, ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ. არც ერთი კეთილმოწყობილი ბინა და არც ერთი ჭერი, რომელსაც დევნილ მოსახლეობას ვაძლევთ, არ შეიძლება იყოს იმ ფუძის, იმ კერის შემცვლელი და ალტერნატივა, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დატოვეს.

ჩვენი მთავარი მიზანი და სანუკვარი ოცნება გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავამთლიანოთ, დევნილები დავუბრუნოთ თავიანთ სახლ-კარს და დამერწმუნეთ, ეს არის შესაძლებელი იმ ნაბიჯებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეზე და პრაგმატულ, თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზე გადის ის ვექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას აუცილებლად მოიტანს. ჩვენ ყველას არა მხოლოდ გვჯერა ამის, არამედ ვხედავთ ამ მომავალს და ამ მომავლის შენებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას - ვიზალიბერალიზაციას მიაღწია.

„რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ნდობა, საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმებისადმი“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.