საზოგადოება
გიორგი ბირბიჩაძე სოციალურ საწარმოს „სხივი“ ესტუმრა
გიორგი ბირბიჩაძე სოციალურ საწარმოს „სხივი“  ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე, საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან - ნინო ლაცაბიძესთან და ქეთევან მამულაშვილთან ერთად,  ხის სოციალურ საწარმოს „სხივი“ ეწვია, სადაც დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა და მათ მიერ დამზადებული ხის ნაკეთობები დაათვალიერა.

„საწარმოში ოცამდე ბენეფიციარია დასაქმებული. ჩვენი მხრიდან მსგავსი  საწარმოების  განვითარებას და  აქ დასაქმებულთა  მიერ შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის პოპულარიზაციას  მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება ‘’ -განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

როგორც საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, სოციალური საწარმოების ხელშეწყობა მაჟორიტარი დეპუტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გაცნობის მიზნით, სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი, რის შემდეგაც მსგავსი საწარმოებისთვის  კონკრეტული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯელობა უკვე კომისიის ფარგლებში მოხდება.

ხის სოციალურ საწარმოს „სხივი“  სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაციის -,,მშობელთა კავშირი’’ ბაზაზე შეიქმნა და აქ ძირითადად, ხის, ეკოლოგიურად სუფთა განმავითარებელ სათამაშოებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო ნივთებს და  სუვენირებს ამზადებენ.

საწარმო თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ორგანიზაციის  სოციალური მიზნების მოგვარებას,  შშმ პირთა  დასაქმებას და მათი დასაქმების შეუძლებლობაზე საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლას.