პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ გივი ჭიჭინაძის გამარჯვება ძალიან დამაჯერებლი იქნება“
ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ გივი ჭიჭინაძის გამარჯვება ძალიან დამაჯერებლი იქნება“

 „კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი და ასევე,  წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ  პირველივე ტურში მოვიპოვებთ დამაჯერებლ გამარჯვებას” - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, პარტიის თითოეულმა წევრმა და მხარდაჭერმა ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შეტანა შეძლო. მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით აგრძელებს წინსვლას.

“მოგესალმებით ქუთათურებო, ძვირფასო პარტიის წევრებო, მხარდამჭერებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მოგესალმოთ თქვენ და მოგმართოთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც თქვენი საქმიანობით, თქვენი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ქვეყნის განვითარებაში და, ასევე, ჩვენი პარტიის გაძლიერებაში და ამისათვის,  ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით.  ეს წინსვლა არის თითოეული თქვენგანის, პარტიის თითოეული წევრის დამსახურება. ჩვენ მოვახერხეთ და 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გარდატეხა შევიტანეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, უმთავრესი მიღწევა  დემოკრატიის განმტკიცება, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა იყო. ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარებაა და ამ მიმართლებით, ბევრი რამ კეთდება. „ ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ის და ამისთვის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ძალიან ბევრი რამ კეთდება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებითაც ჩვენი ხელისუფლების მიერ ძალიან ბევრი რამ კეთდება.

“ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან კარგად აქვს გააზრებული და  სწორედ  ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოს გასულ წელს ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელი ევროპის მასშტაბით” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, გრძელდება ზრუნვა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მიმართულებით არსებული  გამოწვევების მიუხედავად, საქართველო პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს.

„თქვენი დამსახურებით, ჩვენი პარტიის დამსახურებით ჩვენ ვაგრძელებთ საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის ზრუნვას, ჩვენ ბუნებრივია ძალიან სერიოზული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენი პოლიტიკა კარგად გააზრებული და პრაგმატულია და სწორედ ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება”- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დამსწრეებს 2 წლის წინ, რეგიონულ კონფერენციაზე პარტიის მიერ გაცემული დაპირებები შეახსენა და განაცხადა, რომ პარტიის გაძლიერებასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დაპირება პირნათლად შესრულდა.

„ ჩვენ მაშინ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის ცენტრალური რგოლისა და ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება. იმ დროისათვის, საერთოდ, დაკეტილიც კი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების ოფისების უმრავლესობა და ჩვენ ეს ამოცანები, სათანადოდ შევასრულეთ.  ზუსტად ამის შედეგი იყო ის, რომ ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოვიპოვეთ დამაჯერებელი და ძალიან ღირსეული გამარჯვება” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა საპარლამენტო გუნდის განახლება იყო.

„ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღეთ. მაშინ მოგეხსენებათ კოალიცია ჩამოყალიბებული იყო და ის, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვმონაწილეობდით საპარლამენტო არჩევნებში გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო. 2016 წლის არჩევნები ერთგვარი შემდგომი საკვანძო ეტაპი იყო ჩვენი ქვეყნისა და პოლიტიკური სისტემის განვითარებაში. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული არჩევნები იყო, სადაც ჩვენი მთავარი ოპონენტი „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენდა რისკ ფაქტორს ქართული დემოკრატიისათვის და ჩვენ საბოლოოდ 2016 წლის არჩევნებში მოვახერხეთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს აღარ და ვეღარ ქმნის საფრთხეს ქართული დემოკრატიისათვის.  ჩვენი პარტიული სისტემა, პოლიტიკური სისტემა მიდის კონსოლიდაციის გზაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მათ შორის იმერეთის მხარეში, სადაც ყველა მერის, ისევე როგორც საკრებულოს არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ. ეს  კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ახალი ენერგიით, ახალი სისხლით ვიშრომოთ იმისათვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ ჩვენ მოსახლეობას, თითოეული ჩვენი ქალაქის, თითოეული მუნიციპალიტეტის, რაიონის მოსახლეობას. ეს ის დაპირებები იყო, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომლებიც ჩვენ 2 წლის წინა პარტიულ კონფერენციაზე გავეცით და დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დაპირებები პირნათლად იქნა შესრულებული. ეს ყველაფერი არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე ზრუნვას.

ჩვენ წინ გველის მნიშვნელოვანი არჩევნები. კარს არის მომდგარი ვანსა და ხონში არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვება- ბატონი გივი ჭიჭინაძის, ყოფილი გუბერნატორის გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებლი. ჩვენ ასევე წინ გველის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენ წარვადგენთ ღირსეულ კანდიდატს და სადაც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ პირველივე ტურში  დამაჯერებელ გამარჯვებას მოპვიპოვებთ” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის სამომავლო გეგმზე საუბრისას, აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, პარტიაში რეფორმების მეორე ტალღა განხორციელდება და „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის  პოლიტიკურ გაერთიანებად, „რომელიც აქტიურობს არა მხოლოდ არსებითად არჩევნების პერიოდში, არამედ, რომელიც აქტიურია არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც და რომელიც მუდმივ რეჟიმში არის ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმაში და ამ პოლიტიკური პროცესების მართვაში”.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიზნებზეც. მისი თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად ერთად დგომა და მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო.

„გარდა წარმატებებისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ასევე ჩვენს გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ქართული ეკონომიკა საჭიროებს შემდგომ განვითარებას იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობები იყოს უზრუნველყოფილი.

დღემდე, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში  ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი ჩვენ რამდენიმე წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების პირობები სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ  იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა და  ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების სტანდარტები გაუმჯობესდეს.

ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები გვაქვს მისაღწევი. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა ამ მიმართულებით. გვაქვს სერიოზული გამოწვევები და აქაც საჭიროა ჩვენი ბრძოლა და შრომა იმისათვის, რომ ეს მიზნები იყოს მიღწეული.

ზოგადად, იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა, განვაგრძოთ ჩვენი პარტიის გაძლიერების პროცესი, რა თქმა უნდა, საჭიროა ჩვენი ყველდღიური, მუხლჩაუხრელი შრომა, საჭიროა ჩვენი ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთად დგომის პირობებში, ჩვენ ყველა დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ” - მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.