სპორტი
მიხეილ გიორგაძემ საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამინისტროში მიიღო
მიხეილ გიორგაძემ საქართველოს ჰოკეის ნაკრები სამინისტროში მიიღო

საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები, 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში გამართულ ტურნირზე, ქართველმა ჰოკეისტებმა 5 მატჩიდან 4-ში გაიმარჯვეს, 12 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და II დივზიონის საგზური მოიპოვეს, რაც ქართული ჰოკეისთვის ისტორიული შედეგია.

სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის ხელმძღვანელებს, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან და მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.       

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა მართლაც რომ ისტორიულ შედეგს მიაღწიეს. მსურს მივულოცო ჩვენი ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და მთელს ფედერაციას მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში გამარჯვება და II დივიზიონის საგზურის მოპოვება. 

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას და საზოგადოებაში მასზე ცნობადობის ამაღლებას.

ასევე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალზე სერიოზული გეგმები გვაქვს, როგორც ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ყინულის სასახლე და ყინულის მოედანი შენდება, მთლიანობაში, ჰოკეის საქართველოში ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს“  - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.        

საქართველოს ნაკრების ჰოკეისტებმა თურქეთს - 6:2, ბულგარეთს - 5:3, ჰონკონგს - 11:1 და ტაივანს - 11:2 სძლიეს და მხოლოდ მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ - 2:4. III დივიზიონში წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრები II დივიზიონში გადავიდა, რომელიც  A და B ჯგუფად არის დაყოფილი, ქართველი ჰოკეისტები კი B ჯგუფში ითამაშებენ. 

2019 წელს საქართველოს მომავალი მეტოქეები II დივიზიონის B ჯგუფში ახალი ზელანდიის, ისრაელის, ჩრდილოეთ კორეის და მექსიკის ეროვნული ნაკრებები და ასევე მეორე დივიზიონის A ჯგუფიდან 2018 წლის გათამაშებაში დაქვეითებული გუნდი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები საქართველოში არსებული ჰოკეის ოთხი კლუბის - ბაკურიანის „მიმინოს“ და თბილისის გუნდების  - „ცეცხლოვანი ჯვაროსნების“, „რუხი მგლებისა“ და „ყინულის რაინდების“ მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. 

III დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ  საქართველოს ნაკრების წევრი, 27 წლის ოლივერ ობოლგოგიანი დასახელდა, ხოლო 22 წლის ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი 10 გოლითა და 9 პასით მესამე დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.