სამართალი
პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა,დაკავებული ორი პირი 2013 წელს არიან ამინისტირებულები
პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა,დაკავებული ორი პირი 2013 წელს არიან ამინისტირებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ბ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სოფელ აღაიანში, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი, ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჯ.ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო თოფი.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

„ორივე მათგანს ამინისტია 2013 წელს შეეხოთ და საპატიმრო დაწესებულება 2016 და 2017 წლებში დატოვეს. გვსურს აღვნიშნოთ, ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შეწყალების ისე ამნისტიის კომპონენტში”, – განაცხადა ჭელიძემ.