საზოგადოება
" სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას და ჯანმრთელ თაობებს,სპორტის განვითარება უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი"
" სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას და ჯანმრთელ თაობებს,სპორტის განვითარება უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი"

„დარწმუნებული ვარ კომიტეტის საქმიანობა მომავალში იქნება ძალიან წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ განვითარებაზე, სტრატეგიულად დაიგეგმოს კომიტეტის მუშაობა, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ სფეროში.  მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები სტრატეგიის პრეზენტაციას, რომელსაც დაეფუძნება სამომავლო საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულად იყოს დანახული ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც სპორტის, ისე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, დღეს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიისა და 2018-2020წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  სპორტი ნიშნავს ჯანმრთელობას და ჯანმრთელ თაობებს და სპორტის განვითარება უნდა იყოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი.

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია სპორტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვა იმაზე, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი და ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ კომიტეტის ეფექტიანი მუშაობა“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სპორტის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საჭიროა მეტი ძალისხმევა, იმისთვის, რომ არსებული წარმატებები  და შედეგები კიდევ მეტად გაიზარდოს და გაუმჯობესდეს.

„ჩვენ მოხარული ვართ რომ გვაქვს ძალიან სერიოზული წარმატებები სპორტის მიმართულებით. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ მიმდინარე წელი. გვაქვს წარმატებები სხვადასხვა მიმართულებით. რაგბის, ფეხბურთის ჭიდაობის, ძიუდოს და სხვა სპორტის სახეობების მიმართულებით და საჭიროა კიდევ მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს წარმატებები კიდევ მეტად გაიზარდოს და ჩვენი შე3დეგები კიდევ მეტად გაუმჯობესდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართვა სპორტში. ეს ნიშნავს მათ ჯანმრთელობას, ჯანმრთელ თაობებს და ეს უნდა იყოს ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს ხელმძღვანელობენ და კომიტეტში წარმოდგენილი არიან სახელოვანი სპორტსმენები და მათ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს კომიტეტს ხელმძღვანელობენ და კომიტეტში წარმოდგენილი არიან სახელოვანი სპორტსმენები. ალბათ ყველაზე უფრო ტიტულოვანი კომიტეტი გვყავს ჩვენ საქართველოს პარლამენტში. აქ არიან წარმოდგენილი ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები, სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები და თასის მფლობელები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქედან, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებულად ესმით ის საჭიროებები, რომელიც არსებობს სპორტის მიმართულებით და ამ ადამიანებს განსაკუთრებულად შესტკივათ გული იმ საქმეზე, რომელსაც ისინი ემსახურებიან საქართველოს პარლამენტში. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული მუშაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს მათ ჩვენს კომიტეტში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია და ეხმარება კომიტეტს მის საქმიანობაში.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანა იყო კომიტეტისთვის სტრატეგიის შემუშავება და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით საერთაშორისო პარტნიორებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა საერთაშორისო პარტნიორს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი დახმარება და მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას. რომ არა მათი დახმარება, ბუნებრივია, ეს საქმე ასეთი წარმატებით ვერ შესრულდებოდა. ჩვენ ეს ორგანიზაციები გვეხმარებიან სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს პარლამენტში და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულად ამ მიმართულებით მათი დახმარება და მხარდაჭერა“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.ნილს სკოტმა.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა  კომიტეტის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა და  მომავალი წლებისსტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მთავრობის, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის, ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტების,ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარდგენა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარებისპროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.