საზოგადოება
„როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ირაკლი დოკვაძეს არ მოუწყვია ტერაქტი, მაგრამ ადამიანების დახოცვა მაინც მის კისერზეა და დამნაშავეაო, სად უნდა ვეძებოთ სამართალი?“
„როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ირაკლი დოკვაძეს არ მოუწყვია ტერაქტი, მაგრამ ადამიანების დახოცვა მაინც მის კისერზეა და დამნაშავეაო, სად უნდა ვეძებოთ სამართალი?“

„როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, 2004წელს ირაკლის უდანაშაულოდ ცნობს, ხოლო იმავე საქმეზე 14წლის შემდეგ ამბობს, რომ მას არ მოუწყვია ტერაქტი, არც მკვლელობაში მონაწილეობდა, მაგრამ იქ ადამიანების დახოცვა მაინც მის კისერზეა და დამნაშავეაო, ამის შემდეგ სად უნდა ვეძებოთ სამართალი? რა გამოდის, რომ 2004 წელს სახელმწიფომ მკვლელს გადაუხადა კომპენსაცია?“ - ამის შესახებ ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს გამართულ აქციაზე პარტიის „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ წევრმა, მალხაზ გორგასლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, რადგან უზენაესი სასამართლო ირაკლის მაგალითზე გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართალი ხალხისთვის არ არის.

„ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. შექმნილი სიტუაცია არა მარტო უსამართლობა და უკანონობაა,  არამედ  მსგავსი უსამართლო განაჩენები  ქვეყანას ხელს უშლის განვითარებაში. ეს რეალურად არც ხელისუფლებას აწყობს და   სამწუხაროა, რომ ისინი ინდიფერენტულები არიან. აქ ხომ ერთი ადამიანის სიცოცხლეზე არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ ჩვენ, საკუთარ ქვეყანაში სამართალს ვერ ვნახულობთ“- განაცხადა მალხაზ გორგასლიძემ.

აქციის ორგანიზატორის, მზისო ნავროზაშვილის განცხადებით, ირაკლი დოკვაძე საქართველოს უკანასკნელი სამი ხელისუფლების მიერ იდევნებოდა.

 „ირაკლი დოკვაძეს შევარდნაძის ხელისუფლებამ, პეტრე გელბახიანთან ერთად, ჯაბა იოსელიანისთვის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით სიკვდილი მიუსაჯა. რეალურად კი გამსახურდიას მხარდაჭერისთვის დაიჭირეს. საბედნიეროდ, საზოგადოების ზეწოლით, სასჯელის გადაკვალიფიცირება მოხდა, 2003 წელს კი, როდესაც ციხიდან გამოვიდა, სასამართლო მოიგო, რის შედეგადაც მას ბრალდება მოუხსნეს, გაათავისუფლეს და კომპენსაციაც გადაუხადეს. შემდეგ  სააკაშვილის რეჟიმის დროს, ნაციონალებმა ელიზა გულიაშვილზე გახმაურებული თავდასხმის გამო,  იგი მკვლელობის მცდელობის ცრუ ბრალდებით დააკავეს“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა მზისო ნავროზაშვილმა.

მისივე თქმით, დაზარალებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები ირაკლის მომხდარში მონაწილეობას უარყოფდნენ და მიუხედავად ამისა,  მას 30-წლიანი პატიმრობა მაინც მიუსაჯეს, საიდანაც 9 წელი უკვე მოიხადა.  

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ელიზა გულიაშვილის ყოფილი ადვოკატიც, რომლის თქმითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ელიზა გულიაშვილი (ვისი „მკვლელობის მცდელობის“ გამოც გაასამართლეს მსჯავრდებული) აცხადებდა, რომ ირაკლი დამნაშავე არ იყო. მისივე თქმით, პროკურატურას  არც დაუკითხავს დაზარალებული.

„სამართლიანობაზე თუ ვლაპარაკობთ საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევს სახელმწიფომ ბოლომდე გამოიძოს და გაარკვიოს, თორემ სამართლებრივ პრაქტიკაში ადამიანის ტყუილად დახვრეტისა და სასჯელის მოხდის უამრავი მაგალითი არსებობს“-განაცხადა დაზარალებულის ყოფილმა ადვოკატმა.

აქციას ასევე ესწრებოდნენ: ნოდარ ნათაძე, გურამ პეტრიაშვილი, კახა კუკავა, დიმიტრი ლორთქიფანიძე...

შეგახსენეთ, რომ ირაკლი დოკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დღეს სამ საათზე კოსტავას ეზოში  გაიმართა.