პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ
ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ

„ქართველ და პოლონელ ხალხს საერთო ინტერესები და ფასეულობები აქვთ. საქართველოს პირველი კონსტიტუცია 1921 წელს მივიღეთ, რამაც პოლონეთის მსგავსად უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის იდეა. საქართველოსა და პოლონეთს საერთო ისტორია და საერთო ღირებულებები გააჩნიათ და ეს არის ის, რაც ამყარებს ქართველ და პოლონელ ხალხს შორის მეგობრობას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებაზე  სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის სახელმწიფოსა და პოლონელ ერს უმნიშვნელოვანესი თარიღი,  რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ პოლონეთის კონსტიტუცია  პოლონელი ხალხის თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს.

„პოლონეთის პირველი კონსტიტუცია  ერთ-ერთი ყველაზე უძველესია და ამ დოკუმენტმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა პოლონეთის ისტორიაში, რადგან მან უზრუნველყო პოლონეთის დამოუკიდებლობის იდეა საუკუნეების მანძილზე და ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა პოლონეთის დამოუკიდებლობის დაცვაში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ და პოლონელ ხალხს შორის არსებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა კონსტიტუციის მნიშვნელობა ორივე ქვეყნის ისტორიაში.

ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის განვითარების მოდელზე და ქვეყნის მიერ მიღწეულ რეგიონული და საერთაშორისო დონის  წარმატებებზე ისაუბრა.

„პოლონეთი არის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. დღეს პოლონეთი ამაყობს ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი სახელმწიფოებრიობით და მაღალი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტითა და დემოკრატიული ღირებულებებით და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რომლებსაც პოლონეთმა უკვე მიაღწია. ჩვენ გვაქვს მსგავსი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. პოლონეთი უკვე არის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის წევრი, და ეს არის ის მიზანი, რომელიც გვაერთიანებს საქართველოსა და პოლონეთს.

ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებულად აღნიშნა და მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკა საქართველოსადმი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იჩენს.  

„პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ამ მიზნის მიმართ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის და ჩვენ ღრმა მადლიერებას გამოვხატავთ პოლონეთის მიმართ ამ მხარდაჭერისათვის რომელიც 90-იანი წლებიდან იწყება. ქართველ ხალხს ახსოვს პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსათვის ურთულეს პერიოდში, ასევე 2008 წელს ომის დროს, როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი, ბატონი კაჩინსკი ჩამობრძანდა საქართველოში და დადგა ქართველი ხალხის გვერდით. ქართველი ხალხი უზომოდ მადლიერია ამისათვის, მადლიერია პოლონელი ხალხის, პოლონელი პოლიტიკოსებისა და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა და დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დემონსტრირებაა ჩვენი მეგობრობისა“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა. ელჩმა პოლონეთის კონსტიტუციის მნიშვნელობაზე და საქართველოსა და პოლონეთის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა. 

პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ მიღებას საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.