სამართალი
2 წლის ნენე მოდებაძეს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩნდა
2 წლის ნენე მოდებაძეს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩნდა

2 წლის ნენე მოდებაძეს მუცლის ღრუში სამედიცინო დოლბანდი აღმოაჩნდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ბავშვის მშობლები აღნიშნულში „იაშვილის კლინიკის“ ქირურგებს ადანაშაულებენ. ნენე მოდებაძის დედის თქმით, დოლბანდი ბავშვს საფრანგეთში აღმოუჩინეს.

„ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, შუშით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი ნახე, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა სტანჯავდაო.

ბავშვს ორი თვის ასაკში ჩაუტარდა ოპერაცია, „იაშვილის კლინიკაში" და აქ რომ ჩამოვედით ბავშვი იყო წლის და 2 თვის, ოპერაცია რომ ჩაუტარდა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღმოაჩინეს ეს ტამპონი ბავშვის მუცელში.

ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს ბავშვი. ეს, რაც თქვენ დაგემართათ აფრიკის ქვეყნებში არ ხდებაო, საიდან ჩამოხვედიო - ზუსტად ასე მითხრა ექიმმა“ - განაცხადა ნენე მოდებაძის დედამ, ლია ალიბეგაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით, საქმე აღიძრა 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ოჯახის ინტერესებს საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი იცავს. ლიკა ტანიაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ "იაშვილის კლინიკისგან" ოჯახმა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

„წინაპირობები არსებობს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. მატერიალური ზიანის ანაზღაურება რომ მოვითხოვოთ გვჭირდება გარკვეული დოკუმენტაციების მოძიება , რომელიც ადასტურებს კონკრეტულად რა თანხაში გამოიხატა ეს მატერიალური ზიანი. რაც შეეხება მორალურ ზიანს, კანონში პირდაპირ გვაქვს მითითება, რომ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მოთხოვნილ იქნას ეს და სწორედ ეს შემთხვევაა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას, როგორც საქართველოში არსებული დოკუმენტაციით, ასევე საფრანგეთის მიერ გაცემული მტკიცებულებით“- აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატმა, ლიკა ტანიაშვილმა.

ნენე მოდებაძეს რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

 

 

წყარო: „რუსთავი 2“