პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროსაბჭოს საპარლამეტო ასამბლეამ იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

მიმდინარე წლის 25 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განიხილა და მიიღო რეზოლუცია „ევროპაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული საჭიროებები და უფლებების“ შესახებ.

რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ცვლილებები შეიტანა დოკუმენტში და პირველად  ჩაიწერა რეზოლუციაში, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) მიეცეს უფლება სრულად განახორციელოს მისი მანდატი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რომ ქართველების ეთნიკური წმენდის ფაქტებთან დაკავშირებით რუსეთმა უნდა დაიწყოს გამოძიება და  მიიღოს შესაბამისი ზომები კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა  საკუთრების დაცვისა და  მომავალში ამ ქონების დაბრუნების მიზნით.

ასამბლეა მოითხოვს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნას უფრო მეტი ე.წ. გამშვები პუნქტი და შეწყდეს რუსი სამხედროების მხრიდან მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესი, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას.

აღნიშნულ რეზოლუციაში, საპარლამენტო ასამბლეა გმობს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან  კონფლიქტების დროს მოსახლეობის ძალადობრივ გამოდევნას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიაროს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება თავიანთ ტერიტორიებზე, მათ შორის მათი, რომლებიც იძულებულნი იყვნენ 2008 წლის ომის დროს დაეტოვებინათ ტერიტორია.