საზოგადოება
სოფო კილაძე - ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ
სოფო კილაძე - ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე  ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის  შესახებ ისაუბრეს. 

„მნიშვნელოვანია მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ავუხსნათ, რა პოზიტიური შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,  როგორ გააუმჯობესებს ეს პროცესი საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფას“ - განაცხადა სოფო კილაძემ.  მისი თქმით, საზოგადოებას არ აქვს სათანადო ინფორმაცია თუ რატომ არის ჩვენთვის საჭირო ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მისივე თქმით, დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ძლიერი ქვეყანა. „ეს არის ორმხრივად საჭირო და სასარგებლო პროცესი“, - აღნიშნა, კომიტეტის თავმჯდომარემ.  

მისი განცხადებით, ევროკავშირი და, ზოგადად,  ევროპული სტილის ცხოვრება არის კეთილდღეობა თითოეული ადამიანისთვის. „ევროპული იდეოლოგია არის ინდივიდის წინა პლანზე წამომწევი. მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანი და მისი ღირსება. სწორედ ეს მომწონს ევროპულ მიდგომაში, რომ მისთვის თითოეული მოქალაქე არის ღირსების მატარებელი, ხოლო სახელმწიფოს მოვალეობაა შექმნას ყველანაირი პირობა მისი ცხოვრების, განვითარებისა და მოღვაწეობისთვის“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის ბაზრის უპირატესობაზე პროდუქციის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყურადღება გაამახვილა  სოციალური დაცვის მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ მექანიზმებზე.

„ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე. ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. სწორედ ევროკაშირის ქვეყნების გამოცდილებაა, რომ თითოეული ადამიანი, როგორც უდიდესი ღირებულების მატარებელი, ჩართულია საზოგადოების მშენებლობაში“, - მიმართა დამსწრეებს ნაძალადევის მაჟორიტარმა.