პოლიტიკა
„ძალიან მიჭირს ყველაფრის აფიშირება, მაგრამ ჩემ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება და ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში, რა კავშირი მაქვს ჰერეთთან და რა გამიკეთებია იმ კუთხისათვის" - გოდერ​ძი ოთარაშვილი
„ძალიან მიჭირს ყველაფრის აფიშირება, მაგრამ ჩემ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არ ცხრება და ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში, რა კავშირი მაქვს ჰერეთთან და რა გამიკეთებია იმ კუთხისათვის" - გოდერ​ძი ოთარაშვილი

​„ჩემო მეგობრებო, დამიჯერეთ, ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის აქ დაწერა და აფიშირება, რაც ახლა უნდა გითხრათ, ვინაიდან ჩემ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჯერ კიდევ არ ცხრება და ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში, რა კავშირი მაქვს ჰერეთთან და რა გამიკეთებია იმ კუთხისათვის და იქ მცხოვრები ქართველებისათვის. " - ამ კომენტარით ახალგაზრდულ კავშირ „ჰერეთის" დამფუძნებელი გოდერძი ოთარაშვილი „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს. 

რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ მჟავანაძემ სოციალურ ქსელში გოდერძი ოთარაშვილის ფოტო გაავრცელა და მას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტი უწოდა. 

„ჩემო მეგობრებო, დამიჯერეთ, ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის აქ დაწერა და აფიშირება, რაც ახლა უნდა გითხრათ, ვინაიდან ჩემ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჯერ კიდევ არ ცხრება და ბევრ ადამიანს აინტერესებს, თუ ვინ ვარ სინამდვილეში, რა კავშირი მაქვს ჰერეთთან და რა გამიკეთებია იმ კუთხისათვის და იქ მცხოვრები ქართველებისათვის.

დავიწყებ იმით, რომ დავიბადე კახში, იქაური ქართული სკოლის პედაგოგების ოჯახში, მამაჩემი იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მას დიდ პატივს სცემდნენ იქაური ქართველები, გარდა იმისა რომ იყო განათლებული და ერუდირებული პედაგოგი დიდი ქართული სულით, ასევე იყო ცნობილი თამადაც, პატიოსანი და შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობდა ხალხში და დღესაც როცა იგი უკვე აღარ არის ცოცხალი, მას როგორც კაი კაცს მოიხსენიებენ და ალალად მიაგებენ პატივს მის ხსოვნას. დედაჩემი იყო ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ლამის 50 წელი ზრდიდა იქაურ ქართველ ბავშვებს, ასწავლიდა დედა ენას და უნერგავდა მათ ქართულ ეროვნულ სულს. ამჟამად პენსიონერია და ცხოვრობს კახში. მას ასევე იცნობს არა მარტო კახის, არამედ ზაქათალისა და ბელოქნის ქართველობაც და პატივს მიაგებს, გაწეული ღვაწლისა და ამაგის გამო. სკოლის დამთავრების მერე გამიწვიეს ჯარში, იქიდან დაბრუნების მერე ჩავაბარე თბილისის სულხან საბა ორბელიანის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ეს იყო უკვე 90-იანი წლების დასაწყისი, საშუალო ასაკის ადამიანებს კარგად ეხსომებათ ეს პერიოდი, თუ როგორი განუკითხაობა და ქაოსი გამეფდა უცებ მანამდე მშვიდ და დალაგებულ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. დაიწყო ომები, გაჭირვება, გათითოკაცება, ერთი უბედურება მეორეს ცვლიდა, ერთი სიტყვით ისეთი ანარქია მოედო ირგვლივ ყველაფერს, რომ როგორც იტყვიან ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა. ფაქტიურად გაწყდა ყველანაირი კავშირი ჰერეთსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის, ჩაიკეტა საზღვრები, იქაური ქართული სკოლები დარჩნენ სახელმძღვანელოების გარეშე, მოსახლეობას შეეზღუდა ქართული არხების ყურების შესაძლებლობა, დაიწყო უსამართლობა, განუკითხაობა, ქართული აზრისა და მეობის უგულებელყოფა, ერთი სიტყვით ჰერეთი ფაქტიურად სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. უფლის ნებითა და შეწევნით იმ პერიოდში ძალიან ახლოს გავიცანი ბატონი რეზო ჩხეიძე, რომლის დახმარებითაც აქ თბილისში ჩემს თანამოაზრე რამოდენიმე იქაურ სტუდენტთან ერთად დავაფუძნე ორგანიზაცია, საერთაშორისო ახალგაზრდული კავშირი "ჰერეთი" -ის სახელწოდებით.

პირველი რაც გავაკეთე იყო ის რომ რა თქმა უნდა ბატონი რეზოს დახმარებით, განათლების სამინისტროდან იქაურ ქართულ სკოლებს გავუგზავნეთ სასკოლო სახელმძღვანელოები, რაც უკვე რამოდენიმე წელი აღარ იგზავნებოდა. ეს პროგრამა იმის მერე მთელი წლების განმავლობაში გრძელდებოდა და არ გაჩერებულა, პირადად ჩაგვქონდა სახელმძღვანელოებიც, სპორტული ინვენტარიც, ჩაგვყავდა ექიმები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მწერლები, პოეტები, ტელევიზიები, რომლებიც იღებდნენ ჰერებზე დოკუმენტურ ფილმებს და ტელევიზიით უჩვენებდნენ საქართველოს მოსახლეობას, ეს ხდებოდა ყოველ წელიწადში ორჯერ გიორგობაზე, სამი დღით პირადი მასპინძლობით ჩამყავდა ჩემს ოჯახში, სულ ცოტა 30 40 სტუმარი, რომლებიც ეცნობოდნენ იმ კუთხეს, ანუგეშებდნენ იქაურ ქართველობას, ეცნობოდნენ ჰერეთის ისტორიულ ძეგლებს, იქაურ ყოფას, და ემოციებით დატვირთულნი უკვე აქედან ძალ ღონეს არ იშურებდნენ, ვისაც როგორ შეეძლოთ დასდგომოდნენ იმ კუთხეს გვერდში. ამის გარდა, ყოველ ზაფხულს, პატრიარქის კურთხევით ჰერი ბავშვებისათვის მოწყობილ ზესტაფონის სასულიერო ბანაკში ჩამომყავდა ასობით ქართველი ბავშვი, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებიც, რომლებიც დასვენებასთან ერთად, იმ ბანაკში სასულიერო აკადემიის სტუდენტების დახმარებით ეცნობოდნენ საქართველოს ისტორიას, სწავლობდნენ სასულიერო ლიტერატურას, საეკლესიო გალობებს, პარალელურად დაგვყავდა სხვადასხვა ეკლესია მონასტრებში ექსკურსიებზე, ვაჩვენებდით ყველაფერ ქართულს რაც კი რამ შეგვეძლო, ბოლო ერთი კვირა ბატონი ასლან აბაშიძე გვმასპინძლობდა თავისთან აჭარაში, სადაც უდიდესი სიყვარულითა და მზრუნველობით , ქართული სულის სიდიადით დახუნძლულები ისევ უკან ჰერეთში ჩაგვყავდა. ასე გრძელდებოდა რამოდენიმე წლები, ხაზს ვუსმევ იმ ფაქტს რომ გარდა კახისა ჩვენი ყოველი საქმიანობა ვრცელდებოდა ასევე ზაქათალისა და ბელოქნის ქართველებზე, რომლებსაც ინგილოებს უწოდებენ. იმ კუთხეში მხოლოდ იმ წლებში ათეულ ათასობით სასკოლო და სასულიერო ლიტერატურა ჩავიტანეთ.

მამობრივი სიყვარულით გვედგა და გვმფარველობდა ჩვენს საქმიანობას საქართველოს უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე, მისი კურთხევის მერე შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდებოდა. აღარ ჩამოვთვლი კიდევ სხვა დანარჩენ საქმეებს, უბრალოდ ერთსაც დავამატებ რომ ამ ყველაფრის გამო, ბატონი რეზოს შუამდგომლობით ქალაქის მაშინდელმა მერმა ვანო ზოდელავამ მოგვცა ქალაქის სამარშრუტო ხაზი, რომლის შემოსავლითაც ვახორციელებდით აქ ჩამოთვლილ და კიდევ სხვა საქმიანობებს, მაშინ ასევე ვეხმარებოდი იქაურ ხელმოკლე სტუდენტებს, ვქირაობდი ჩემი შემოსავლით მათთვის ბინებს, ვუხდიდი საჭმლისა და გზის ფულს, და ესეც წლობით და არა ერთი ან ორი თვით. ჩემი სამარშრუტო ხაზის ოფისთან ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, მაშინ ყველა ჩემი "ნათესავი" და "ახლობელი" იყო ზოგს წამლის ფული სჭირდებოდა, ზოგს რისი და ზოგს კი რისი. არავის უარს არ ვეუბნებოდი, არავინ არ გამომიტოვებია რომ გვერდში არ დავდგომოდი, როცა უჭირდათ, უბრალოდ როგორც კი მე გამიჭირდებოდა ეს ჩემი 'ახლობელ ნათესავები" ეგრევე მარტოს მტოვებდნენ, გაჭირვება კი იცოცხლეთ ბევრი ვნახე, ისევ იმ კუთხის ბოროტს მიყიდული მედროვეებისაგან, რომლებიც რა თქმა უნდა საკუთარი ნების გარეშე, ხან სად მიდებდნენ ფეხს და ხან სად, მწამებდნენ ცილს, მივრცელებდნენ ჭორებს შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან რომ რაიმე ცუდი გაეკეთებინოთ ჩემთვის. ყველას მივუტევე და არავისთვის სამაგიერო არ გადამიხდია, ჩემი საქმიანობის გამო უამრავჯერ ყოფილან ჩემი ოჯახი და ნამდვილი ახლობლები საფრთხისა და გინდაც ტერორის წინაშე, ბევრი სიმწარე და უღმერთობაც გადავიტანეთ, მაგრამ ერთხელაც კი არ წამოსცდენიათ ჩემთან რომ მიმეტოვებინა ეს ყველაფერი და მეც სხვა დანარჩენებივით მეზრუნა მხოლოდ საკუთარ თავზე. ადამიანურად ძალიან მწყინს ისიც, რომ ამდენი ადამიანი მიცნობს, რამდენისთვის კიდე უშურველად გამიკეთებია სიკეთე, კახის ქართველებს ვგულისხმობ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი უმადურება იმის გამო, რომ ამხელა შეურაცხყოფა მომაყენეს და დადებით კომენტარს ვინ ჩივის, ბევრმა ერთი ე.წ, ლაიქიც კი ვერ გაიმეტა ჩემთვის, რომ ამით მაინც გამოეხატათ ჩემი თანადგომა.

ბევრ რამეს ვერ ვწერ კიდევ, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ერთს ვიტყვი, რომ ესეც გაივლის, რომ სიმართლე და სანთელ საკმეველი თავის მადლს არასოდეს არ დაკარგავს, რომ საქართველო, ქართველი ერი, ღირსება და ადამიანური ყოფა უკვდავია და მისი მომრევი ძალა თვით სამყაროშიც არ არსებობს, რომ ყველაფერი დამშვიდდება, დალაგდება და სამართალი საბოლოოდ ასე იზეიმებს, დღეს ვერანაირად რომ ვერც კი წარმოიდგენენ ბევრი გონებადაბნელებული, უმადური, უგუნური და მედროვეობასა და ურა პატრიოტიზმს აყოლილი ადამიანები. დალოცვილი და გახარებული იყავით ვინც ამ ჩემთვის მძიმე მდგომარეობაში გვერდში დამიდექით და მანუგეშეთ, ასევე ვლოცავ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დაუმსახურებლად მაგინეს მე, შემიგინეს ოჯახი, კაცობა, ასევე მათაც ვინც საერთოდ სირაქლემის პოზიცია არჩია სიმართლის თქმას. ღმერთი სამართლიანი და მოწყალეა, საკუთარ თავთან და უფალთან მართალი კაცი კი ძალიან ძლიერი, ეს კარგად უნდა ახსოვდეს ყველას, ეს ჩემი მონათხრობი ისე არ გაიგოთ რომ უფრთო ანგელოზი ვიყო და არავითარი ცოდვა არ მქონდეს, ერთი ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ, რომელიც ვცდილობ რომ რამდენჯერაც დავეცემი იმდენჯერ ისევ დავდგე ფეხზე და გავაგრძელო ჩემი გზა, ვარ აღმსარებელი მართლმადიდებელი ქართველი, სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ჩემი რწმენა, ჩემი სამშობლო და ჩემი ქართველი ერი. დიდება და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის!!! ეს არის და ეს, გთხოვთ ყველას რომ ჩემი მონათხრობი გაიგოთ ისე როგორც მე მოგიყევით. უფლის წინაშე ვფიცავ, თუ რამე დავამატე ჩემს ამ ე.წ, აღსარებას, თუ არ დავაკელი კიდე. - წერს გოდერძი ოთარაშვილი. 

 

ნიკოლოზ მჟავანაძე რამდენიმე დღის წინ საკუთარ სოციალურ ქსელში წერდა: 
 

„ეს პიროვნება გახლავთ გოდერძი ოთარაშვილი ჰერეთიდან . ამ ადამიანმა დღეს დამირეკა ტელეფონის ნომრიდან 599 57 58 12 და მითხრა ქართველების უფლება არ ირღვევა ჰერეთში და ქართველებს არ ექცევიან ცუდად და ორშაბათს აქციას რატომ ატარებ აზერბაიჯანის საელჩოსთანო. გამაჩნია საფუძვლიანი ეჭვი დასაბუთებული ვარაუდისთვის განვაცხადო, რომ ეს კაცი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული. მოვუწოდებ უსაფრთხოების სამსახურს დაინტერესდეს ამ პიროვნებით, ასევე მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს დაინტერესნენ მისი პერსონით ვინაიდან აღნიშნულმა პიროვნებამ განახორციელა ჩემს მიმართ მუქარა.
ჰერეთის მაცხოვრებელი რომ იტყვის ქართველის უფლებები არ ირღვევა ჰერეთში თუ ვინაა დასკვნები თავად თქვენთვის მომინდია." - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.