საზოგადოება
„ეს პოსტი შთამაგონა ამ დღეებში ნანახმა ვიდეოსიუჟეტმა გაბედნიერებული ქალის შესახებ-თუ როგორ განიკურნა მღვდლის მიერ შელოცვილი პომიდვრით უშვილობისაგან“- რომან გოცირიძე
„ეს პოსტი შთამაგონა ამ დღეებში ნანახმა ვიდეოსიუჟეტმა გაბედნიერებული ქალის შესახებ-თუ როგორ განიკურნა მღვდლის მიერ შელოცვილი პომიდვრით უშვილობისაგან“- რომან გოცირიძე

“როგორც სჯეროდა ხალხს ჭინკების, ეშმაკებისა და ალქაჯების არსებობის ილია ჭავჭავაძის დროს, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქმნიდა, ისევე სჯერათ დღესაც” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფაისბუქპოსტის დაწერა ბოლო დროს ნანახმა ვიდეოსიუჟეტმა შთააგონა, რომელშიც „გაბედნიერებული“ ქალი მღვდლის მიერ შელოცვილი პომიდვრით უშვილობისგან განკურნების შესახებ ყვება.

აზროვნებს თუ არა ჯანსაღად საზოგადოება, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მისი კეთილდღეობის ხარისხი, მათ შორის ეკონომიკური. საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირებაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გავლენას ახდენს ბევრი რამ: განათლება, მეცნიერება, კულტურა, რელიგია, პოლიტიკა, ეკონომიკური განვითარების დონე და ა. შ. მათი ხარისხითაა განპირობებული ჩვენი საზოგადოების აზროვნების ტიპი, სახე. 


რომ არსებობდეს საზოგადოებრი აზროვნების სიჯანსაღის შეფასების რეიტინგი, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ზონაში ვიქნებოდით მოქცეულები. როგორც სჯეროდა ხალხს ჭინკების, ეშმაკებისა და ალქაჯების არსებობის ილია ჭავჭავაძის დროს, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქმნიდა და განმანათლებლობას იწყებდა, ისევე სჯერათ დღესაც. თუმცა, ამ ჭინკებს ახლა სხვა შეფუთვა აქვს. სჯერათ, რომ ხატებს ცრემლები სდით, რომ ნაკურთხი წყალი კურნავს, სჯერათ მკითხავების და ექიმბაშების და ისინი ტელევიზიების სასურველი სტუმრები არიან, სჯერათ რომ მსოფლიოს მართავენ მასონები და საქართველოში მათი წარმომადგენლები( სოროსელები და სხვა), სჯერათ შეთქმულების თეორიების და რომ პოლიტიკოსები კონსპირაციულად მოქმედებენ ვიღაცების დავალებით. მაგ. შევარდნაძე რუსეთის აგენტი იყო, თუმცა არ იყო ახსნილი რატომ-ფულს უხდიდნენ, იდეურად იყო მტერი სახელმწიფოს ერთგული თუ უნდოდა იმ ქვეყნად რუსი მარშლის სამხრეებით წასულიყო. 


ურჩხულის ნიშნები, სამი ექვსიანის კომბინაციები და სხვა სიბნელეები განსხვავებული კატეგორიიდანაა-ეს საზოგადოების მარგინალური ნაწილისთვისაა დამახასიათებელი. აქ უფრო საუბარია საზოგადოების საშუალოსტატისტიკურ ნაწილზე, რომელიც ამა თუ იმ ფორმით არის შეპყრობილი ცრურწმენებითა, ცრუ წარმოდგენებით და უკრიტიკოდ ღებულობს არამეცნიერულ მოსაზრებებს. 


მთვარეზე ადამიანი არ გაფრენილა, უცხოპლანეტელი ნაპოვნია, მაგრამ მთავრობა მალავს და მსგავსი სტერეოტიპები ჩვენზე ბევრად განვითარებულ საზოგადოებებშიცაა და ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს შეზღუდული კატეგორიის ადამიანებს ეხება და არა მოსახლეობის დიდ ნაწილს. 


მასობრიობა-ესაა ჩვენს სინამდვილეში საგანგაშო. ამ ტიპის აზროვნების ფორმირება ერთ დღეში არ მომხდარა და ვერც ერთ დღეში შეიცვლება. ეს უდიდესი მუხრუჭია ჩვენი განვითარების გზაზე. ამ ვითარების გამოსწორებაში მთავარი როლი აკისრია პასუხისმგებლიან და გონიერ პოლიტიკურ კლასს. ჩვენს რეალობაში თავად ისინი არიან მსგავსი იდეების ტყვეობაში. 


ეს პოსტი შთამაგონა ამ დღეებში ნანახმა ვიდეოსიუჟეტმა გაბედნიერებული ქალის შესახებ-თუ როგორ განიკურნა მღვდლის მიერ შელოცვილი პომიდვრით უშვილობისაგან:)
სამწუხაროა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების შელოცვა ჯერჯერობით ვერავინ გამოიგონა. თუ იმ ქალბატონის ისტორიას გავიხსენებთ, შელოცვა მოქმედებს მაშინ, თუ გჯერა. ვირწნუნოთ ყველამ ჩვენი ეკონომიკის აღორძინების და მოხდება ეს. 


ისე, იმ ქმარსაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას. მცირე წვლილი მასაც მიუძღვის ალბათ“- წერს რომან გოცირიძე.